„მხოლოდ ჯოკია ბოდოკია არ იყო კორუმპირებული, მერიაში ძალიან ბევრ რამეში კეთდება ფული”

თბილისის მერიაში ძალიან ბევრ რამეში კეთდება ფული, მხოლოდ ჯოკია ბოდოკია არ იყო კორუმპირებული, -ამის შესახებ თბილისის საკრებულო წევრი ალეკო ელისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ელისაშვილი შესაბამის მაგალითებს ასახელებს.
“თბილისის მერიაში ძალიან ბევრ რამეში კეთდება ფული. მხოლოდ ჯოკია ბოდოკია არ იყო კორუმპირებული. მაგალითად, ავიღოთ შპს “ელზუროსთან” დაკავშირებული კორუფციული სქემები. საქმე ის არის, რომ ყაზბეგის პროსპექტის 27 ნომერში, სკოლის გვერდით, იყო სკვერი, რომელიც წინა ხელისუფლებამ გაყიდა მიწის ნაკვეთად. შეთანხმებული იყო 9-სართულიანი სახლის აშენება. ხალხთან ერთად იმდენი ვქენით, რომ მერიას ეს გადაწყვეტილება გავაუქმებინეთ და შევთავაზეთ, სანაცვლოდ სხვაგან მიეცა მიწა დეველოპერისთვის. სხვა დროს არ დაგვყოლია ნარმანია ადგილმონაცვლეობაზე, ამ შემთხვევაში კი საიდუმლოდ შედგა ადგილმონაცვლეობის აქტი და პეკინის 23 ნომერში, იქ, სადაც საბავშვო ბაღი და სკვერია, გადაწყდა არა ცხრასართულიანი, არამედ უფრო მაღლივი შენობის აგება. საქმე ის არის, რომ შპს “ელზუროს” უკან დგანან შსს-ს მაღალჩინოსნები, რომელთაგან ზეწოლას განიცდიდა ღარიბაშვილი, ეს უკანასკნელი კი ნარმანიას სთხოვდა, როგორმე “ელზუროს” ინტერესები დაეკმაყოფილებინათ და სადმე, კარგ ადგილზე გამოეყოთ სანაცვლო მიწა. ეს ინფორმაცია კი მაქვს, მაგრამ მტკიცებულებები – არა, გამომდინარე იქიდან, რომ ოპერატიული საქმიანობის უფლება არ გამაჩნია. მე მაშინვე მივმართე ანტიკორუფციულ სააგენტოს, რათა დაინტერესებულიყო, ვინ იდგა შპს “ელზუროს” უკან, ვისი ზეწოლით მოქმედებდა ნარმანია და რატომ დაამტკიცა საკრებულომ ადგილმონაცვლეობა“,-აცხადებს ელისაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები