„თუ ბაზარი არ გახსნეს, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება“

“იფქლის” ხელმძღვანელი შაქრო ბაკურაძე ეჭვობს, რომ ფქვილის იმპორტს ხორბლის შემომტანი კომპანიები ზღუდავენ,- ამის შესახებ ბაკურაძე “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

“იფქლის” ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ფქვილის ფასი ხელოვნურად იზრდება.

ბაკურაძის თქმით, თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება.

“მიმდინარე წლის 10 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37,5 ლარს არ აჭარბებდა, თუმცა ზუსტად ერთ ღამეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა – 11 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარი გახდა. ვინც ბიზნესში ოდნავ მაინც ერკვევა, ადვილად მიხვდება, რომ მსგავსი ცვლილება ხელოვნური ჩარევების გარეშე არ ხდება. მას შემდეგ ყოველი ორშაბათი ფქვილის ფასის გაზრდის დღედ იქცა – ნიშნულმა 44 ლარსაც მიაღწია და დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდებოდა, პურის მწარმოებლებს განგაშის ზარი დროულად რომ არ შემოგვეკრა. მოგეხსენებათ, საქართველოში ხორბლის 90% საზღვარგარეთიდან შემოდის. მართალია, წელს ქვეყანაში ხორბლის საკმაოდ დიდი მოსავალი ავიღეთ, თუმცა ის იმდენად დაბალი ხარისხისაა, რომ პურპროდუქტების წარმოებაში ვერ ვიყენებთ. ამ დრომდე მეწისქვილეები რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კალკულაციით მუშაობდნენ, როდესაც დოლარის ფასი 1, 67 ლარს არ აღემატებოდა. არ უარვყოფ, ფქვილის წარმოების ფასი მომატებას ნამდვილად საჭიროებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდნენ, თუმცა საბოლოოდ, მაინც არარეალურად გაზრდილი ფასი მივიღეთ.
სხვათა შორის, ამ საკითხზე ივლისში სოფლის მეურნეობის მინისტრსაც ვესაუბრეთ, რომელიც დაგვპირდა, პრობლემაში გარკვევის შემდეგ, ივლისის ბოლოს შეგხვდებითო… მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა მინისტრ დანელიას ამ დრომდე არ შევხვედრივართ. 30 ივლისს სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარი დაპირება შევახსენეთ, თუმცა მან პირდაპირ შემოგვითვალა – არ შეგხვდებითო. მიზეზი არავის აუხსნია… ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრს ამ საკითხზე არასწორ ინფორმაციას აწვდიან, პარალელურად კი კონკრეტული პიროვნებები საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას ნახულობენ. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ხორბალი პრაქტიკულად ერთ კომპანიას შემოაქვს, რომლის მფლობელიც კოკი ოსიპოვი გახლავთ. სწორედ მისი ინიციატივით, ეკონომისტებთან ერთად ერთი ტომარა ფქვილისგან მიღებული შემოსავალი დეტალურად დავითვალეთ.
როგორც საბოლოოდ გაირკვა, იმ პირობებში, როდესაც ერთი ტომარა ფქვილი 44 ლარი ღირს, ჩემი წარმოება 0%-იან მოგებაზე მუშაობს. თანაც “იფქლი”, სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. თუ სხვა მწარმოებლები ერთი ტომარა ფქვილის დამუშავებისთვის საჭირო ელექტროენერგიაზე 6,5 ლარს იხდიან, ჩვენ მხოლოდ სამ ლარს ვხარჯავთ. ასე რომ, ახლა თქვენ დაიანგარიშეთ, რა მდგომარეობაში არიან პურის საშუალო მწარმოებლები. შექმნილ ვითარებას განსაკუთრებით ის ართულებს, რომ პრაქტიკულად ქვეყანაში ალტერნატიული ფქვილის შემოტანა იკრძალება. ბუნებრივია, ღიად არავინ გვეუბნება ფქვილის შემოტანა არ გაბედოთო, მაგრამ პირადად ჩემს მაგალითზე მოგიყვებით. მას შემდეგ, რაც საქართველოში ხორბლის ფასი არარეალურად გაიზარდა, გადავწყვიტე, ალტერნატიული გზებით ფქვილი თავად შემომეტანა. 14 ივლისს ფქვილით დატვირთული ერთი მანქანა განვაბაჟე, მაგრამ რამდენიმე წუთში მითხრეს, ტვირთი “გააწითლა” და ტერმინალზე უნდა შეიყვანოთო. სხვადასხვა გაუგებარი პროცედურის გავლის შემდეგ მანქანის ტერმინალიდან გამოყვანის უფლება მხოლოდ 31 ივლისს მომცეს, ანუ თუ ალტერნატიული გზით ფქვილი 39 ლარად უნდა შემომეტანა, ტერმინალზე ტვირთის ხელოვნურად გაჩერების შემდეგ 48 ლარი დამიჯდა. ბუნებრივია, ამის შემდეგ ფქვილის შემოტანაზე არც კი ვიფიქრებ“,-აცხადებს “იფქლის” ხელმძღვანელი შაქრო ბაკურაძე.
ამასთან, შაქრო ბაკურაძე გამოთქვამს ვარაუდს, რატომ შეიძლება გაეჩერებინათ მისი ტვირთი ხელოვნურად. “ კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ლოგიკურად გავყვეთ -კოკი ოსიპოვი საქართველოში ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი შემომტანია და ალბათ, ალტერნატიული გზებით ქვეყანაში ფქვილის შემოტანა და კონკურენტების გაჩენა მის ინტერესებში არ შედიოდა. ბუნებრივია, ეს საკითხი მხოლოდ ოსიპოვის დონეზე არ წყდება. ამ ერთი მანქანის შემოყვანა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, მაინტერესებდა, დამბლოკავდნენ თუ არა. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ფქვილის სხვა შემომტანებიც – მათი ფქვილით დატვირთული ტრაილერები ტერმინალზე თვეობითაა გაჩერებული და ტვირთის დაცლის საშუალებას არ აძლევენ. ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი დგას ამ ყველაფრის უკან, შესაბამისი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ. ფაქტია, ოსიპოვს მმართველ ძალასთან მეტი კავშირი აქვს, ვიდრე ჩვენ – პურის მწარმოებლებს. ერთი ტომარა ფქვილი 44 ლარი ნამდვილად არ უნდა ღირდეს. ყველა გარემოების გათვალისწინებით მისი ფასი 40 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ზედმეტი ოთხი ლარი ვის ჯიბეში ილექება, ვერ გეტყვით, ამაზე კომპეტენტურმა უწყებებმა იფიქრონ. ბოლო პერიოდში ფქვილის შემოტანა 70%-ით შემცირდა, რადგან ამ კომპანიებსაც ანალოგიურ პრობლემებს უქმნიან – მათი მანქანებიც ტერმინალზეა გაჩერებული. ამ ფონზე კი ოსიპოვი ხორბლის მთავარი შემომტანია. ოსიპოვმა ხორბალი რომ არ შემოიტანოს, საქართველო პურის გარეშე დარჩება. არაერთ კომპანიას აქვს სურვილი საქართველოში ფქვილი შემოიტანოს, მაგრამ ბარიერების გამო ვერ ახერხებენ. მათ ტერმინალში კეტავენ, ისევე როგორც მე ჩამკეტეს. წლების განმავლობაში “კარმენი” ფქვილის ერთ-ერთი მსხვილი შემომტანი გახლდათ. ის ბაზარზე ფქვილს შედარებით იაფად ყიდდა, მაგრამ პრობლემები ამ კომპანიასაც შეექმნა და დღეს სულს ღაფავს. ფქვილის შემოტანის გარდა, “კარმენი” ოთხ დიდ წისქვილსაც ფლობდა, თუმცა ყველა მათგანი გააჩერა. პირადად მითხრეს, ფქვილს ექსპერტიზა უნდა ჩავუტაროთო. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კანონმდებლობით უფლება აქვს, ექსპერტიზა საკუთარი სურვილის მიხედვით – ერთ დღეში ან თუნდაც ერთ თვეში ჩაატაროს. როდესაც ვუთხარი, ექსპერტიზას მე ჩავატარებ-მეთქი, უარი მითხრეს და დიდხანს მალოდინეს. დატვირთული ტრაილერის მძღოლს კი დღეში 100 დოლარს ვუხდიდი. თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება.
“კვირის პალიტრასთან“ საუბრობს “აგრკომის” ხელმძღვანელი კოკი ოსიპოვიც. “ჩვენთვის ახალი სეზონი 30 ივნისს დაიწყო, ფოთის პორტში 25 გემი შემოვიდა. შემოსული ტვირთი კი, დაახლოებით, 8-10 კომპანიისა. როგორ შეიძლება ხორბალი მხოლოდ ჩემს კომპანიას შემოჰქონდეს, ეს პირდაპირი კანონდარღვევა იქნება, რასაც ანტიმონოპოლიური სამსახურიც არ დაუშვებს. უბრალოდ, ორი თვის წინ ფქვილის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდა და ვაი-ვიშიც ამან გამოიწვია. – ფქვილის იმპორტი არც ერთი დღით არ შეფერხებულა და ამაზე საბაჟოს სტატისტიკაც მეტყველებს. გეთანხმებით, ექსპერტიზისთვის განსაზღვრული გონივრული ვადები უნდა არსებობდეს და მეწარმეები გარკვეული უნდა იყვნენ პროცედურებშიც. ეს “შავი ხვრელია”, რომელიც უნდა დარეგულირდეს, თუმცა ხშირად მეც, როდესაც ევროპაში ნიმუშს ექსპერტიზაზე ვგზავნი, პასუხი ორი კვირით იგვიანებს. ჩვენ ევროასოცირების ხელშეკრულების მხარე ვართ, ამიტომ ხარისხის გამკაცრება აუცილებლად მოგვიწევს. როგორც კი ხარისხის კონტროლი გამკაცრდა, ფქვილის იმპორტი 30%-ით შემცირდა. რაც შეეხება ფასებს¬, საქართველოში აბსოლუტურად ლიბერალური გარემოა და მას მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ვერავინ “დაალაგებს”, -აცხადებს კოკი ოსიპოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები