თეიმურაზ მურღულია და თამარ სანიკიძე საქართველოს სამეცნიერო წრეების მკვლევარებს შეხვდნენ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ” ჰორიზონტი 2020″ ფარგლებში, საქართველოს სამეცნიერო წრეების მკვლევარებს შეხვდნენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისთვის ევროკავშირის პროგრამის “ჰორიზონტი 2020” გაცნობას, რომლის გარემოსდაცვითი კვლევების მიზანს ბუნებრივი რესურსების მართვა, დაზოგვა, წყლის ეფექტურობა და კლიმატური ცვლილების გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა წარმოადგენს.
“ჰორიზონტი 2020” არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამა, რომლის 80 მილიარდი ევროს ბიუჯეტი, 7 წლის მანძილზე (2014-2020) გრანტების სახით სამეცნიერო თუ კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებს, ინოვაციებსა და საუკეთესო იდეებს მოხმარდება.
პროგრამის ბიუჯეტის 35%-ზე მეტი გამოყოფილია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მეცნიერებას, უპასუხოს საზოგადოებრივ და ინდუსტრიულ გამოწვევებს. პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს სამეცნიერო წრეების ნებისმიერ დაინტერესებულ მკვლევარს შეუძლია.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://horizon2020.ge/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები