მოსკოვში გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის გამოძიება დასრულდა

  რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მოსკოვში მოკლული ქართველი გენერლის რომან დუმბაძის მკვლელობის საქმის ძიება დასრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის პირდაპირი შემსრულებელი 52 წლის საქართველოს მოქალაქე გოჩა კვირიკაშვილია, რომელმაც მკვლელობის განსახორციელებლად ქართველებისგან შექმნა ჯგუფი. „დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები გოჩა კვირიკაშვილის, რომან ბელქანიას, ალექსანდრე ბერიშვილისა და მისი ნათესავის თორნიკე კვირიკაშვილის მიმართ. ბრალდებულებისა და ადვოკატებისთვის ბრალის გაცნობის შემდეგ, საქმე გადაეცემა სასამართლოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, გენერალი რომან დუმბაძე მოსკოვში 2012 წლის 21 მაისს საკუთარ სახლთან ახლოს, მოტოციკლეტიდან დაცხრილეს.
2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომან დუმბაძემ, უარი განაცხადა, დამორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას და ასლან აბაშიძის გვერდით დადგა. რომან დუმბაძე 2004 წელს საქართველოს უშიშროების სამსახურმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2010 წელს რომან დუმბაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. აგვისტოს ომის შემდეგ, ქართულმა მხარემ ქართველი გენერალი რუსეთს 12 ქართველი ჯარისკაცის სანაცვლოდ გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები