რეზონანსი: ეროვნული ბანკი ლარს გამყარების საშუალებას უსპობს

“ამ ეტაპზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების არავითარი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს”

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, ტურიზმის ადმინისტრაცია კი ტურისტების რეკორდულ ზრდაზე საუბრობს. ქვეყანაში ექსპორტის შემცირების ტენდენციაც იკლებს. აქედან გამომდინარე, ლარის დევალვაციის მიზეზების ძებნისას ეკონომისტები ხელს ისევ ეროვნული ბანკისკენ იშვერენ. ბოლო პერიოდში მათ მიერ არაერთხელ ისმის ფრაზა, რომ სებ-ი “კონტრშეტევაზე გადავიდა” და მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების მეშვეობით მიმოქცევაში ლარის მასას ზრდის, შესაბამისად, მის გაუფასურებასაც უწყობს ხელს.

მაშინ, როდესაც ზაფხულში ტურისტები მომრავლების ფონზე, ყველა ეროვნული ვალუტის გამყარებას პროგნოზირებდა, ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით, მაგრამ მაინც გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 დოლარი 2,2716 ლარი ღირს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში კი ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში ტურისტებს ბუმია, შესაბამისად, უცხოეთიდან ვალუტის შემოდინება იზრდება. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, უკვე მეოთხე თვეა საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა მატულობს. 2015 წლის ივლისში საქართველოს 737 696 უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.5%-ით მეტია (მათ შორის, იმ უცხოელი მოგზაურების ან ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, წინა წლის ივლისთან შედარებით 2.2%-ით არის გაზრდილი). შვიდი თვის მონაცემებით კი, ტურისტების რაოდენობა 4,9%-ით არის გაზრდილი.

“ზრდა აღინიშნება საერთაშორისო ბარათების გადახდის მხრივაც, რაც პოზიტიურად აისახება საერთაშორისო შემოსავლებზე”, – განაცხადა ჩოგოვაძემ. კერძოდ, უცხოური საგადახდო ბარათებით გადახდის მოცულობა აპრილში – 47%-ით, მაისში – 43%-ით, ივნისში – 24%-ით გაიზარდა. 2015 წლის ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.

ტურიზმის ადმინისტრციაში განმარტავენ, რომ 7 თვის მონაცემებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა ლიტვა, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლატვია და ნიდერლანდები. სხვა ქვეყნებიდან ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, ექსპორტი ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით არის შემცირებული. ეს მაშინ, როდესაც იანვარ-მარტში 30%-იანი ვარდნა იყო, ხოლო 2014 წლის ნოემბერში, როდესაც ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება დაიწყო, ექსპორტის კლებამ 35% შეადგინა.

ეკონომისტი მირიან გოგიაშვილი ლარის გაუფასურებას პირდაპირ ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სებ-ი ისევ უშვებს დიდი ოდენობით რეფინანსირების სესხებს. ამასთანვე, მან შეამცირა სადეპოზიტო სერტიფიკატები და მიმოქცევაში ლარის მასის გაზრდას შეუწყო ხელი, რამაც თავისთავად გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე.

“დღეს ვერავინ იტყვის, რომ ბიუჯეტის შესრულება არასრულფასოვნად მიმდინარეობს იმიტომ, რომ ყველა პარამეტრი სრულდება. ლარის გაუფასურების ერთადერთი მიზეზი, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ კორელაციით, არის რეფინანსირების სესხების მოცულობის გაზრდა და სადეპოზიტების სერტიფიკატების შემცირება. ეროვნული ბანკის მიმართ კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება მკვეთრად არის გაზრდილი”, – ამბობს მირიან გოგიაშვილი.

“ბიზნეს-რეზონანსი”: ეროვნულ ბანკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობის გაზრდა კურსზე გავლენას არ ახდენს…

მირიან გოგიაშვილი: ეს არის უდიდესი, საოცარი ტყუილი. ამ შემთხვევაში რეფინანსირების სესხების მოცულობის გაზრდას პირდაპირი გავლენა აქვს ლარის გაუფასურებაზე. ამის დანახვა მარტივად შეიძლება. ბანკს გააჩნია წვდომა გარკვეულ კაპიტალთან, რომელსაც რაღაც აქტივობებისთვის იყენებს. საოცრებაა იმის თქმა, რომ რეფინანსირების სესხები არ ზრდის ფულის მასას.

მირიან გოგიაშვილი ასევე “ბლუმბერგის” სისტემის მეშვეობით კურსის ფორმირებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, სავალუტო ოპერაციების რამდენი პროცენტი ხვდება “ბლუმბერგის” ბირჟაზე. კერძოდ, თუ ბლუმბერგზე სავალუტო ოპერაციების 80-90% ხვდება, მაშინ სავალუტო კურსის დადგენის პრინციპი სანდოა.

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია იქ ბევრად უფრო ნაკლები მოცულობის სავალუტო ოპერაციებია, ვინაიდან ბანკებს შორის პირდაპირი ვაჭრობა მიმდინარეობს, რომელიც კურსზე არ აისახება. მე ვერ შევძელი დამედგინა მთლიანი სავალუტო ოპერაციების რამდენიმე პროცენტი ხვდება ბლუმბერგის ბირჟაზე. თუ ეს არის 80-90%, მაშინ კურსი არის სანდო, ხოლო თუ არის 20% და ამის მიხედვით ფორმირდება კურსიც, მაშინ ეს არის დანაშაული”, – ამბობს მირიან გოგიაშვილი.

სავალუტო ოპერაციების ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ამბობს, რომ “ბლუმბერგის” სისტემა არაადეკვატური კურსის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა.

“შეიძლება იყოს რყევა, მკვეთრი გადახრა და პატარა თანხით ვაჭრობისას დაფიქსირდეს სავალუტო კურსი, რომელიც თავისთავად არ ასახავს სავალუტო ბაზრის რეალურ მდგომარეობას”, – ამბობს ვახტანგ ხომიზურაშვილი და დასძენს, რომ “ბლუმბერგის” ბირჟაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ვაჭრობა. დღის ბოლოს შეიძლება გამოხტეს ერთი გარიგება და სიტუაცია საერთოდ შეცვალოს, რაც არაადეკვატური იქნება.

იგი აღნიშნავს, რომ დოლარზე მცირედით მოთხოვნის ზრდაც კი ლარის დევალვაციაზეც გავლენას ახდენს, ხოლო რით არის გამოწვეული ეს მოთხოვნა, დაფარული ინფორმაციების გამო მისი ზუსტი ანალიზი რთულია.

“ლარი უფასურდება ბალანსის დარღვევის გამო. ეს მომენტი რითი არის განპირობებული ცოტა რთული სათქმელია. ერთია უცხოური ვალუტის გადინება ქვეყნიდან, მეორე მიმოქცევაში ლარის მასის გაზრდა, რასაც რეფინანსირების სესხების მოცულობის მკვეთრი ზრდა უწყობს ხელს”, – ამბობს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

ლარის გაუფასურებას მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური ფაქტორებით ხსნის ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე და მიიჩნევს, რომ ამის დამტკიცება “ბლუმბერგზე” ერთი თვის ვაჭრობის ინფორმაციის გასაჯაროებითაც იქნება შესაძლებელი.

“ამ ეტაპზე ლარის გაუფასურების არავითარი ობიექტური ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. არ ვეთანხმები იმას, რომ კურსის ასეთი ცვლილება ფუნდამენტურმა ფაქტორებმა განაპირობა. თუ ჩვენ ვტყუით, გამოაქვეყოს ეროვნულმა ბანკმა “ბლუმბერგზე” წინა თვის ვაჭრობის ინფორმაცია, კონკრეტულ ბანკებს ნუ დაასახელებს და ვნახავთ რამდენად რეალური იყო ეროვნული ბანკის ქმედება.

ლარის გაუფასურების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ საგადასახდელო ბალანსი გაუარესდა. მე მიჩნდება კითხვა – რატომ მიაღწია დოლარიზაციის კოეფიციენტმა 63%-ს? ეს ფული მიდის აქტივების დოლარიაციაში. ამას, როგორც ვატყობ, ხელს უწყობს ერთ-ერთი მსხვილი კომერცული ბანკი. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ მას აქვს ალიანსი ეროვნულ ბანკთან”, – ამბობს ვაჟა კაპანაძემ.

მისი განმარტებით, როდესაც კომერციულ ბანკებს ლართან მიმართებაში ლიკვიდობის პრობლემა უდგებათ, მათ სჭირდებათ ეროვნული ვალუტა მიმდინარე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ეროვნული ბანკი მაშინვე რეფინანსირების სესხებს აწვდის. იმის მაგიერ, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდეს ინტერესი, რათა ბანკებმა დოლარი გაყიდონ, სანაცვლოდ ლარი მიიღონ და ამ ქმედებით კურსის სტაბილურობას ხელი შეუწყონ.

“კომერციულ ბანკებს ყველა ანგარიში აქვთ დოლარში. ეს აიხსნება იმით, რომ შარშანდელი წლის დასაწყისიდან ამერიკის ფედერალურმა ბანკმა მსოფლიოში ძვირი დოლარის პოლიტიკის გატარება დაიწყო. ეს, ძირთადად, შეეხო იმ ქვეყნებს, სადაც საფონდო ბაზრები მაღალ დონეზეა განვითარებული. საქართველოში ამ გლობალურ პროცესებს მნიშვნელოვანი გავლენა არ უნდა მოეხდინა. ჩვენი კომერციული ბანკები ჰყვნენ ფეხის ხმას და დაიწყეს ისეთი პოლიტიკის გატარება, რომ ნაკლებად დაზარალებულიყვნენ. ამ ყველაფერს კი ხელი ეროვნულმა ბანკმა შეუწყო”, – ამბობს ვაჟა კაპანაძე და აღნიშნავს, რომ მდგომარეობის შეფასებისას ჩანს, რომ თითქოს ეროვნული ბანკი “კონტრშეტევაზეა” გადასული.

სპეციალისტების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც ლარის კურსის ჩამოყალიბების პროცესს შეისწავლიდა და ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა.

 წყარო:  http://www.resonancedaily.com/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები