შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ საქართველოს ილიაობას, სწორედ ილია ჭავჭავაძემ ჩამოაყალიბა სამი სვეტის განზომილება – მამული, ენა, სარწმუნოება
„ვულოცავ საქართველოს ილიაობას, სწორედ ილია ჭავჭავაძემ ჩამოაყალიბა სამი სვეტის განზომილება – მამული, ენა, სარწმუნოება,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ილია ჭავჭავაძის მიდგომას დაეყრდნო ქართველი ხალხის აზროვნება, მათ შორის რუსულ და საბჭოთა იმპერიებში.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, ილიაობა და განსაკუთრებით, ყვარლელებს. შემთხვევითი არ არის, რომ ერეკლეობა და ილიაობა გვერდიგვერდ აღინიშნება. ერეკლე ჩვენი უკანასკნელი დიდი მონარქი იყო, რომლის შემდეგაც ილია ჭავჭავაძეს ხვდა წილად, ეზრუნა ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე. მან მოუყარა თავი წინაპრებისგან შემორჩენილ ღირებულებებს, ჩამოაყალიბა ის სამი სვეტის განზომილება, მამული, ენა, სარწმუნოება, რომელსაც დაეფუძნა ახალი აღორძინებული ქართული სახელმწიფო. მისმა მიდგომამ გამოგვატარა XIX საუკუნე, XX საუკუნის დასაწყისი. სწორედ ილია ჭავჭავაძის მიდგომას დაეყრდნო ქართველი ხალხის აზროვნება, მათ შორის რუსულ და საბჭოთა იმპერიებში, შემდგომ ახალი ქართული რესპუბლიკა, რომელსაც დღეს ჩვენ ვაშენებთ. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ამ ღირებულებების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენთვის რთულ ისტორიულ მონაკვეთებში მთავარ საფუძვლად იქცა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.