ლევან მახაშვილი – ოპოზიციის წევრებზე: ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, კანონის უზენაესობისთვის აუცილებელია, რომ ამ პროცესს ჰქონდეს სამართლებრივი შეფასება
„ქვეყნისთვის, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, კანონის უზენაესობისთვის აუცილებელია, რომ ამ პროცესს ჰქონდეს სამართლებრივი შეფასება“,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„წლების განმავლობაში ეს ადამიანები შემჩნეული იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს ყველაფერი ხელის გულზე გამოდის. არა ის, რომ ვთქვათ, გადმოცემით ვიცით, რომ კარდაკარ დადიოდნენ და ეუბნებოდნენ, სთხოვდნენ, მაგალითად ვიზა არ მიეცათ, სანქციები დაეწესებინათ და ა.შ. დღეს უბრალოდ ეს ყველაფერი საჯაროდ გამოდის და მათი პირით გვესმის ეს ყველაფერი, თორემ ახალი საზოგადოებისთვის არაფერი ხდება.
ქვეყნისთვის, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, კანონის უზენაესობისთვის აუცილებელია, რომ ამ პროცესს ჰქონდეს სამართლებრივი შეფასება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმის მტკიცებულებები, „ქრონიკამ“ გუშინ მოიპოვა, რითაც დასტურდება, რომ რადიკალებს ქვეყნის საშინაო საქმეები და გამოგონილი ამბები უცხოეთში გაჰქონდათ. ასევე, ორგანიზებული და მართული იყო აქციები.