ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ დეპუტატებთან შესახვედრად მზად არის

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ დეპუტატებთან შესახვედრად მზად არის. როგორც ივანიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მას “ნაციონალური მოძრაობიდან” წასული დეპუტატები არ დაუფინანსებია.
“რა თქმა უნდა, მე არანაირი წვლილი არ მიმიძღვის მათ ქმედებაში, მაგრამ აბსოლუტურად პოზიტიურად ვაფასებ, რომ გვიან, მაგრამ გააცნობიერეს, რომ მათი ქვეყანა საქართველოა და არა სააკაშვილი. ერთ კაცს კი არა, ქვეყანას უნდა მოემსახურონ. მივესალმები მათ გადაწყვეტილებას, არა იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ვინმეს ეშინია – იქნება კიდევ არჩევნები და ნახავთ, რომ მათგან ძირი აღარ დარჩება. არა იმიტომ, რომ ივანიშვილი ვარ, ხალხმა იცის მათი რეალური სახე”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
ივანიშვილი აღნიშნულ დეპუტატებთან შეხვედრის პრობლემას ვერ ხედავს და მაგალითად მოჰყავს დავით ბაქრაძე, რომელსაც, მისივე თქმით, ბევრს ესაუბრებოდა.
“მე არავისზე არ ვამბობ უარს. ბაქრაძესაც მოვუწოდებდი – ყველანი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან, პატარა ქვეყანა ვართ – როგორ შეიძლება რაღაც პარტიული კუთხით გავიხლიჩოთ?!” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი პერსპექტივა არ აქვს, მით უფრო, რომ დღესაც იგივე ძალადობრივ იდეოლოგიას აგრძელებს.
“ისინი ხელისუფლებას ვერასდროს დაიბრუნებენ, არა იმიტომ, რომ ივანიშვილი ემუქრება – ისევ აატრიალებს ბოკერია ამ თემას. საქართველოს მოსახლეობა არ არის ისეთი ბრიყვი, როგორიც მათ ჰგონიათ. ერთადერთი კარგი, რაც გააკეთეს „ნაციონალებმა“, აჩვენეს, როგორ შეიძლება ცუდად მოგექცეს საკუთარი ხელისუფლება”, – აღნიშნა ექსპრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები