მოგლეჯილი ხეები და სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები – კახეთში სტიქიას ებრძვიან
სტიქიამ კახეთს პრობლემები შეუქმნა. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა განსაკუთრებით თელავისა და ყვარლის რაიონები დააზარალა.
ძლიერმა ქარმა სოფელ ნაფარეულში ხეები მოგლიჯა, რის გამოც ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებული ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.
სეტყვამ ვენახები და საზამთროს ბაღები გაანადგურა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, უამინდობის გამო გლეხები წლევანდელი მოსავლის გარეშე დარჩნენ.
ძლიერმა ქარმა ასევე დააზარალა სოფელ სანავარდოში რამდენიმე ოჯახი. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის, რის შემდეგაც დაზიანებული სახლების აღდგენა დაიწყება.