„დედაქალაქის მასშტაბით 50-მდე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება“
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით 50-მდე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. როგორც ნარმანიამ ბრიფინგზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთის, 18 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი უკვე დასრულებულია.
მისივე თქმით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გზების კაპიტალურ შეკეთებას კომპანია “ბლექ სი გრუპი” აწარმოებს და სამუშაოების ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას კი – ტენდერში გამარჯვებული კომპანია “არენამშენი”, რომლის სამუშაოების ღირებულება 5 500 000 ლარია. ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, ამ დროისთვის დედაქალაქის მასშტაბით საგზაო სამუშაოები 11 ქუჩაზე ხორციელდება. ნარმანიას ინფორმაციით, აგვისტო-სექტემბერში ქუჩების რეაბილიტაციის ინტენსიური სამუშაოების შემდეგ, ქალაქში გზების შეკეთების სამუშაოები დასრულდება.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სულ 6 თვის მონაცემებით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან საგზაო მიმართულებაზე დაიხარჯა 27,4 მილიონი ლარი. სულ დედაქალაქის მასშტაბით კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა 50-ზე მეტ ქუჩას.