რიმა ბერაძე: თბილისი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ღირსეული მასპინძლობისთვის მზად არის
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ დეპუტატებმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ წევრებთან ერთად, ის სპორტული ობიექტები მოინახულეს, რომლებიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის მზად არის.
დედაქალაქის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ჩოგბურთის ახალი კორტები, ხელბურთის სასახლე, ფრენბურთისა და ტანვარჯიშის არენები დაათვალიერეს.
„საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატებმა ის ობიექტები მოვინახულეთ, რომლებიც ოლიმპიადის სპორტული შეჯიბრებების გამართვისთვის მზადაა. ვესტუმრეთ ჩოგბურთის მოედანს, მძლეოსნობის, ფრენბურთისა და ტანვარჯიშის დარბაზებს. მზადებაც და ორგანიზებაც მაღალ დონეზეა, რაც მაჩვენებელია იმისა, რომ წარმატების მისაღწევად მზად ვართ“, – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ.
დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის ყველა სახეობის ფედერაციას, ქალაქის მერიას, საკრებულოს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ შესანიშნავი ნაგებობების შექმნაში და აღნიშნა, რომ თბილისი ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ღირსეული მასპინძლობისთვის მზად არის.