ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა
2015 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოს მასშტაბით ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა დაიწყო, რომელიც 25 აგვისტოს დასრულდება.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ პროცესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის,“ ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან.
რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები ადგილობრივ მოსახლეობას ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულ რეგიონში ანალოგიური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე აცნობენ.
14-15 ივლისს მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ზესტაფონში, ქუთაისში, ფოთსა და ოზურგეთში. შიდა ქართლის შემდეგ, გრაფიკის მიხედვით 18 ივლისს, დილის 10:00 საათიდან, ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშა ქუთაისში, ტყიბულში, ცაგერში, ფოთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ზესტაფონში, მარტვილში, სამტრედიაში, ხონში, სენაკში.
აგრეთვე გაითიშა აბაშის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, მარტვილის, ოზურგეთის, სამტრედიის, სენაკის, ტყიბულის, ქობულეთის, ჩოხატაურის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხობის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე „სეტ-ტოფ ბოქსი“ ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.
მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც უკვე შემუშავდა და ამოქმედდა „სეტ-ტოფ ბოქსების“ განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობამ ასევე შეიმუშავა სუბსიდირება, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს (70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ.
რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად მიმდინარეობს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული სპეციალური საინფორმაციო გაზეთების დარიგებაც.
ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდეგი ეტაპი 2015 წლის 30 ივლისს განხორციელდება. 2015 წლის 30 ივლისს, 10:00 საათზე, ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშება ბათუმში, ხულოში, ქედასა და შუახევში, აგრეთვე გაითიშება ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის, ხობისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.