გიორგი მარგველაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის პრიორიტეტები იყო. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. პრეზიდენტებმა შეთანხმებების იმპლემენტაციის მიმდინარეობა განიხილეს და ამ მიმართულებით საერთო ძალისხმევის გაძლიერებას გაუსვეს ხაზი.
მხარეებმა რიგის სამიტის შედეგებზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირში მიმოსვლის უვიზო რეჟიმი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია. გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკიმ საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს.
შეხვედრისას ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ საგანგაშო ვითარებას, კერძოდ, წითელუბანსა და ორჭოსანში ე.წ. საზღვრის გადმოწევის საკითხს, დაეთმო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკისთან საუბრისას განაცხადა, ეს არ არის ცალკეული ინცინდენტი, ეს ევროპული სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაა, რაც საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულებების სრული მიუღებლობა.
ქვეყნის პირველმა პირმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისათვის და კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და ის ქართველი ხალხის ეროვნულ და ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს.