მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“ 5 ამპულა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ტრამადოლი“ აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მედიკამენტი სომხეთის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე პ.ვ.-ის კუთვნილ ავტომანქანაში იყო დამალული. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ასევე საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „ვალე“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოვლინდა. პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა გერმანიის მოქალაქე ვ.ე., რომლის ხელბარგის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა Tramadolhydrochlorid-ის შემცველი მედიკამენტი „ტრამალი“ (10 კაფსულა) აღმოაჩინეს.
ამასთან, თურქეთის მხრიდან შემოსულ ირანის ორ მოქალაქესაც აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩნდა. ე.ც.-ის ხელბარგში 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი DIPHENOXYLATE, ხოლო ს.მ.-ის ხელბარგში ნარკოტიკული ნივთიერებისა (კოდეინის) და ფსიქოტროპული ნივთიერების (ფსევდოეფედრინის) შემცველი მედიკამენტები.
ACETAMINOPHEN CODEINE – 5 აბი და COLDAX – 5 აბი აღმოაჩინეს. 17 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტის „სედალგინ ნეოს“ შემოტანა სცადა 19 ივლისს აზერბაიჯანის მოქალაქე ჰ.ჰ.-მ. ყველა ეს საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს სპდ სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.