გიორგი ალიბეგაშვილი ოლიმპიური სოფლის გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარესთან – რიმა ბერაძესთან, მოადგილეებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, თბილისის ზღვაზე მდებარე ოლიმპიური სოფლის გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრო.
ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის ფარგლებში აშენებული ოლიმპიური სოფელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მოწვეული სტუმრები და მოხალისეები ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ, პრემიერთან, მინისტრებთან, დედაქალაქის მერთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, ავტოსადგომი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რესტორანი და რეკრეაციული ზონა დაათვალიერა.
„ჩვენი ქვეყანა ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ულტრათანამედროვედ მოწყობილი სივრცეა, – თავისი შენობა-ნაგებობებით და შიდა ინტერიერით. ოლიმპიურმა სოფელმა, რომელიც საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნა, 4 000-მდე სტუმარი უნდა მიიღოს. შემდეგ კი ეს ყველაფერი დევნილებს გადაეცემათ საკუთრებაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, შიდაინტერიერში მოწყობილი მონიტორული სისტემა, რომლის მეშვეობით, თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელს ცხრავე სპორტის სახეობაში პირდაპირ რეჟიმში დაკვირვების საშუალება ექნება.
ოლიმპიური სოფელი, რომლის გახსნის ცერემონიალი დღეს გაიმართა, თუ არ აღემატება, არაფრის ჩამოუვარდება ყველა ანალოგიურ კომპლექსს, რომელიც აქამდე აგებულა. ასე რომ, ქართველები ოლიმპიურ ფესტივალს ღირსეულად ვხვდებით“, – განაცხდა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ ოლიმპიურ სოფელში აღნიშნა, რომ მსგავსი ობიექტი აქამდე არ აგებულა.
„ოლიმპიურ ფესტივალს მომზადებული ვხვდებით და ამის ერთ-ერთი დასტური ულამაზესი ოლიმპიური სოფელია, რომელიც დღეს პრემიერმა გახსნა. ჩვენ დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები, სავარჯიშო დარბაზები, საცურაო აუზები, სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სასადილოები და სასტუმრო. ვიმედოვნებ, რომ ოლიმპიადა, როგორც ქართველი სპორტსმენებისთვის, ისე ჩვენი სტუმრებისთვის წარმატებული იქნება“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
ოლიმპიური სოფელი გამორჩეული და თანამედროვე სტანდარტებით აშენდა. იგი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. კომპლექსი 9 საცხოვრებელ კორპუსს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანსა და რეკრეაციულ ზონას აერთიანებს.
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში თბილისს 50-მდე ქვეყნის 4000-მდე მონაწილე ეწვევა. ფესტივალი „თბილისი 2015“ თბილისში 26 ივლისს გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები