C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევები საქართველოს მასშტაბით 27 ივლისიდან დაიწყება

„C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევები საქართველოს მასშტაბით 27 ივლისიდან დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება”, – ამის შესახებ დღეს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა და სამედიცინო დაწესებულებებს პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა.
დავით სერგეენკოს თქმით, ეს გამოკვლევები სამედიცინო დაწესებულებებისათვის დიდ ხარჯებს არ ითვალისწინებს. ამით სერიოზულ დახმარებას გაუწევენ სახელმწიფოს და ადამიანებს. მინისტრის ინფორმაციით, დღეისთვის C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 1 800 პაციენტია ჩართული. სექტემბრიდან მკურნალობა მოხდება ბევრად უფრო მაღალეფექტური პრეპარატით, “ჰარვონით”.
„აგვისტოს შუა რიცხვებში ასევე დასრულდება კვლევა, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა რაოდენობის დაზუსტებას ისახავს მიზნად. ასეთი კვლევა 2002 წელს ჩატარდა და ისიც მხოლოდ თბილისის მასშტაბით. C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში 5 000 პაციენტის დიაგნოსტირება მოხდა. უკვე დარეგისტრირდა 7 000-ზე მეტი პაციენტი, საიდანაც C ჰეპატიტის საწინააღმდეგო უახლესი ანტივირუსული პრეპარატით “სოფოსბუვირით” უფასო მკურნალობა 1 800-მდე პაციენტმა დაიწყო”,-განაცხადა სერგეენკომ.
სამინისტროს ინფორმაციით, 30 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, ღია ლაბორატორიები მოეწყობა, კერძოდ, ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე, მერიის წინ მდებარე სკვერში “ბაღის კიდე” და ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან. მსურველებს შეუძლიათ აღნიშნულ ღია ლაბორატორიებში კვლევისათვის დილის 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მივიდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 28 ივლისს, 14:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხოლო 29 ივლისს, 11.00 საათიდან აღნიშნულ ცენტრში ჰეპატიტის აღმოფხვრის ხანგრძლივვადიან სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა დაიწყება. უფასო სკრინინგის ორკვირეულში 8 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები