ლუდზე აქციზის გაზრდის გამო „ნატახტარის ლუდის ფესტივალი“ აღარ გაიმართება
კომპანია „ნატახტარის“ მიერ დედაქალაქსა და რეგიონებში ორგანიზებული ლუდის ტრადიციული ფესტივალები აღარ გაიმართება. მიზეზად კომპანიაში ლუდზე აქციზის გაზრდასა და მის შედეგად გაყიდვების შემცირებას ასახელებენ.
„მთავრობას აქციზის გაზრდის გადაწყვეტილების გადახედვისკენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. შედეგად ლუდის ბაზარი საკმაოდ შემცირდა, ამის ოფიციალური მონაცემები არსებობს. მარტი-აპრილის პერიოდში ადგილობრივი მწარმოებლების რეალიზაცია დაახლოებით 45%-ით შემცირდა, რაც კომპანიების საქმიანობასა და მთლიანად ლუდის ინდუსტრიაზე ნეგატიურად აისახა. ეს საკმაოდ არასასურველი მაჩვენებელია. იძულებულები გავხდით, ლუდის ფესტივალები გაგვეჩერებინა. „ნატახტარის ლუდის ფესტივალი“ – ეს იყო ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული ლუდის ფესტივალების პირველი ქართული ანალოგი.
ვიმედოვნებთ, მომავალს წელს მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება და ტრადიციულ დღესასწაულზე, რომელიც წელს უკვე მეექვსედ უნდა ჩატარებულიყო, იძულებით უარს აღარ ვიტყვით,“ – აცხადებს კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
ლუდის მწარმოებელი კომპანიების აზრით, ისეთი მზარდი და წარმატებული სექტორისთვის, როგორიც ლუდის წარმოებაა, სადაც ბაზრის 97 პროცენტს ადგილობრივი ბიზნესი იკავებდა, ასეთი რეგულაციის შემოტანა როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი პერსპექტივით საზიანოა და ეს ზიანი სხვა დარგებზეც სავალალოდ აისახება. კიდევ ერთხელ, მოითხოვენ მთავრობის, პარლამენტის და უშუალოდ ფინანსთა სამინისტროსგან, რომ დროულად დაიწყოს ხელისუფლების მოლაპარაკებები ინდუსტრიის წარმომადგენლებთან რეგულაციის გაუქმებისა და ლუდის ბაზრის განვითარების მექანიზმების შემუშავებისთვის. კომპანიები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკების და კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მედია და ექსპერტებიც, რათა ყველა აქტივობა გამჭვირვალედ წარიმართოს და მოხდეს საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფების გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
წელს, ლუდის ფესტივალი თბილისში, ვარდების მოედანზე ივლისის დასაწყისში უკვე მეექვსედ გაიმართებოდა, ხოლო რეგიონები ფესტივალს მთელი ზაფხულის განმავლობაში ეტაპობრივად მეხუთედ უმასპინძლებდა. ფესტივალის დაფუძნების უპირველეს მიზანს ლუდის სმის კულტურის განვითარება, თანამედროვე სტანდარტების ღონისძიების მოწყობა და მისი მსოფლიო საფესტივალო სივრცეში ინტეგრირება წარმოადგენდა. „ფესტივალების შექმნის იდეა ჩვენი კომპანიის მხრიდან ერთგვარი მადლობის გამოხატულება იყო მომხმარებლების მისამართით. გვინდოდა, შუა ზაფხულში გაგვემართა ღონისძიება, სადაც ჩვენი მომხმარებელი დროის მხიარულად, საინტერესოდ გატარებას და თავისი საყვარელი ლუდის დაგემოვნებას შეძლებდა. ლუდის ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ ლუდის მოხმარების კულტურა დაგვეხვეწა საქართველოში. როგორც ლუდის ბაზრის ლიდერებს, ჩვენ საქართველოში ეს მოვალეობა გვაკისრია და სიამოვნებით ვიღებდით ამ პასუხისმგებლობას. ლუდი იძლევა იმის საშუალებას, რომ კეთილად და მხიარულად გავერთოთ,“ – აღნიშნავს კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნინო სურმავა.
წლების განმავლობაში ლუდის ფესტივალს 50 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავდა, წელს ეს რიცხვი კიდევ რამდენიმე ათასით გაიზრდებოდა. ფესტივალს ყოველთვის თან ახლდა უამრავი სახალისო შეჯიბრება და წამახალისებელი გათამაშება. კარგი ლუდის დაგემოვნება წარმოუდგენელია ასევე კარგი მუსიკის გარეშე. ეს ფესტივალის ორგანიზატორებმაც შესანიშნავად იცოდნენ და ამიტომაც მუსიკალური პროგრამა ყოველთვის საინტერესოდ იყო შედგენილი. R