წითელუბანსა და ხურვალეთს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის” დირექტორი აზერ მამადოვი და “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ წითელუბანში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
სოფლები წითელუბანი და ხურვალეთი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდნენ.
ამ სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის 14 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა და თითოეული სოფლის დაქსელვა განხორციელდა. თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც ორივესოფელში მცხოვრები 510 დევნილი ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს.
სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” შეასრულა. დღეისათვის კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი”აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების მიზნით, სამონტაჟო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს.
პროგრამის ფარგლებში, ამ სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის სახლში გაზის შეყვანა და ერთი წერტილის მიერთება უფასოდ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდა ოკუპირებულიტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 33 სოფელი.
საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო.
პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში.