თინათინ ხიდაშელი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩს უმასპინძლა.
ბეტინა კადენბახი საქართველოში ერთი კვირის წინ ჩამოვიდა და თინათინ ხიდაშელთან პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მიმართ გერმანიის მხარდაჭერაზე ისაუბრა და გერმანიის, როგორც პარტნიორი ქვეყნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, გერმანია აშშ-თან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, იქიდან გამომდინარე, რომ ნატოს პაკეტის განხორციელების გუნდის ხელმძღვანელი სწორედ გერმანელია. გერმანული მხარე მონაწილეობს, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებაში. ძალიან დიდია მათი როლი თავდაცვის სამინისტროს ტრანსფორმაციისა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოების საქმეში. შესაბამისად, ამ ურთიერთობის დაწყება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველა პრობლემა გავაცანით ელჩს, რასთანაც მოგვიწევს გამკლავება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოში გერმანიის ელჩმა ბეტინა კადენბახმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ისაუბრა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
„თავდაცვის მინისტრთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მქონდა. საქართველოში არსებული სიტუაცია და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებსა და ამ პროცესში თქვენი ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას“,- განაცხადა ელჩმა.
შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბერნარდ ჰოპი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები