ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ზღვაზე ოლიმპიური სოფელი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ზღვაზე “თბილისი 2015”-ის ოლიმპიური სოფელი გახსნა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, სტუმრების ღირსეულად დასახვედრად ყველა პირობა არის შექმნილი, ასევე – ყველა პირობა იმისთვის, რომ სპორტსმენებმა და სტუმრებმა შეძლონ მომავალი ასპარეზობისთვის სათანადოდ მომზადება.
ირაკლი ღარიბაშილმა ოლიმპიურ სოფელში შეკრებილ საზოგადოებას ოლიმპიური სოფლის მერი წარუდგინა, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს.
“ჩვენ – ყველანი მოუთმენლად ველოდებით ოლიმპიური ფესტივალის დაწყებას. სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების დაწყებამდე და, როგორც იტყვიან, ოლიმპიური ტემპერატურა დღითიდღე მატულობს. თბილისში უკვე ანთია ოლიმპიური ცეცხლი, დღეს კი საზეიმოდ ვხსნით ამ არაჩვეულებრივ ოლიმპიურ სოფელს, სადაც ჩვენი სტუმრები და ფესტივალის მონაწილეები დაიდებენ ბინას. როგორც ხედავთ, აქ ყველა პირობაა შექმნილი ჩვენი სტუმრების ღირსეულად დასახვედრად, ასევე ყველა პირობაა იმისთვის, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა და სტუმრებმა შეძლონ მომავალი ასპარეზობისთვის სათანადოდ მომზადება. ოლიმპიურ სოფელს, როგორც წესი, მერი ხელმძღვანელობს და მინდა დღეს ამ სიმბოლურ, თუმცა საპატიო თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი. გარდა იმისა, რომ ლევან კობიაშვილი არის დიდი და გამორჩეული ფეხბურთელი, ის გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ლევანი ჩვენი ქვეყნის ღირსეული სახე იქნება. ის დახვდება 50-მდე ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენს და მჯერა, რომ ღირსეულად წარმოადგენს ჩვენ ქვეყანას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ლევან კობიაშვილს ოლიმპიური სოფლის მერის მედალი გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ისეთი მასშტაბის სპორტული ღონისძიება, როგორიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალია, საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა.
“ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პატივი, პასუხისმგებლობა და ერთგვარი გამოცდილებაც. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველანი ერთად – ოლიმპიური კომიტეტი, სპორტის სამინისტრო და მთელი მთავრობა ღირსეულად ჩავატარებთ ამ ფესტივალს. “თბილისი 2015-ის” ოლიმპიურ სოფელს გახსნილად ვაცხადებ”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიურ სოფელში შეკრებილებს.