პრემიერი: ფესტივალის დასრულებისთანავე, ჩვენ ოლიმპიურ სოფელს ჩვენს დევნილებს გადავცემთ

„თბილისი 2015“-ის ფესტივალის დასრულების შემდეგ, ოლიმპიურ სოფელში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაშენებული ოლიმპიური სოფლის გახსნისას განაცხადა.
„ფესტივალის დასრულებისთანავე, ჩვენ ამ არაჩვეულებრივ ოლიმპიურ სოფელს ჩვენს დევნილებს გადავცემთ საჩუქრად. ჩვენთვის ძალიან მძიმეა, რომ ჩვენი დევნილები 25 წელია დევნილობაში ცხოვრობენ საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ მჯერა, მოვა დღე და ასეთ არაჩვეულებრივ კომპლექსებს ავაშენებთ აფხაზეთსა და ცხინვალში და ერთად ვიზეიმებთ ძალიან ბევრ ღონისძიებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ საქართველოში, ქალაქ თბილისში, 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3800-მდე მონაწილე ეწვევა. ჯამში კი თბილისი 10 000-მდე სტუმარს უმასპინძლებს.
ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 000კვ.მ ფართობზეა გაშენებული.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფი“ აწარმოებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები