თეა წულუკიანი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ პრეზენტაციას დაესწრო
მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრნენ.
შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − ხელმძღვანელი რენატე ვინტერი, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საშა გრაუმანი, ომბუდსმენის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვ.
ძირითადი პრინციპები, რომლებსაც „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ ეყრდნობა, შემდეგია: არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა, ნასამართლობის გაქარწყლება, ინდივიდუალური მიდგომა, პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის გაუმჯობესებული პირობები, პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა. თანაზომიერება და შესაბამისობა.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიზანია, მისცეს მოზარდებს სპეციალური, ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება და განსაკუთრებული მიდგომები დააწესოს ბრალდებულ, დაზარალებულ და მოწმე მოზარდებზე. ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული არასრულწლოვანთა ამგვარი სპეციალური კოდექსი საქართველოს კანონმდებლობისთვის სრულიად ახალი ინსტიტუტია და თანამედროვე ქართული მართლმსაჯულებისთვის არამარტო ინოვაციურ, არამედ რევოლუციურ პროექტს წარმოადგენს.
სისხლისსამართლებრივ დევნასთან შედარებით უპირატესობით ისარგებლებენ განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების, მათ შორის, მედიაციის ინსტიტუტები.
თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებით მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. იგივე ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. აიკრძალება არასრულწლოვნისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
არასრულწლოვანთა საქმეებს მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები აწარმოებენ. არასრულწლოვნებთან მიმართებით ამოქმედდება მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესი.
განრიდების გამოყენება შესაძლებელი გახდება საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგაც − სასამართლო უფლებამოსილი იქნება, განრიდების გამოყენების მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც არასრულწლოვან ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას.
ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე არასრულწლოვნისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ხოლო ბრალდებული არასრულწლოვნის პატიმრობის საერთო ვადა 6 თვე იქნება, ნაცვლად სრულწლოვნებისთვის განსაზღვრული 9 თვისა. ნასამართლობა არასრულწლოვანს სასჯელის მოხდისთანავე გაუქარწყლდება, ოღონდ, თუ ადრე ნასამართლევი არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში იქნება მიღებული.
კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისთვის ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებისა და რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი.
კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს მისი ცალკეული დებულების გავრცელებას 18-21 წლის პირებზეც.
კოდექსზე მუშაობა 2014 წლის ბოლოს იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. მუშაობის პროცესში გათვალისწინებულ იქნა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები.
კოდექსის ამოქმედება დაგეგმილია 2016 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, იმ მუხლების ძალაში შესვლა, რომელთა იმპლემენტაციისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, იგეგმება 2016 წლის განმავლობაში და 2017 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით 12 ივნისს მიიღო. კოდექსი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.