„საკურორტო ზონებში პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები შეინიშნება“

ფარმაცევტულ ბაზარზე რეცეპტს დაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები შეინიშნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, ურეცეპტოდ წამლების გაყიდვა საკურორტო ზონებში ჭარბობს.

„უკანასკნელ პერიოდში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შეინიშნება რეცეპტს დაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები. აღნიშნული განსაკუთრებით თვალშისაცემია საკურორტო ზონებში, სადაც ჭარბად არიან უცხო ქვეყნის ტურისტები.

მოვუწოდებ სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს, დაიცვან კანონი და რეცეპტს დაქვემდებარებული პრეპარატები ექიმის დანიშნულებისა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე არ გაიცეს მოქალაქეებზე.

ასევე მოვუწოდებ წამლის სააგენტოს, ყურადღება გაამახვილოს აღნიშნულ საკითხზე და აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები.

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი რეალიზატორებს ავალდებულებს, დაიცვან მოქალაქეები მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარებისგან, რაც შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს მათთვის.

კანონი სარეცეპტო სისტემის შესახებ მიღებულ იქნა სწორედ იმ მიზნისთვის, რომ აღვკვეთოთ სააფთიაქო ნარკომანია და თვითმკურნალობის მავნე ჩვევები. ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას.

მოვუწოდებ ყველას, დაიცვან კანონი და იმოქმედონ მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე”, – აცხადებს ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები