სახალხო დამცველი გლდანში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება
სახალხო დამცველი 14 ივლისს თბილისში, გლდანში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება, რა დროსაც ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე დაშავდა და საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი სერიოზულად დაზიანდა. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
“გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2401 მუხლის საფუველზე, რომელიც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.
აუცილებელია, რომ აღნიშნული გამოძიება წარიმართოს სრულყოფილად, ეფექტურად და ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე. დროულად უნდა დადგინდეს მომხდარის მიზეზები, ხოლო ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ხომ არ ქონდა ადგილი უსაფრთხოების წესების დარღვევას. გამოძიების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ საზოგადოების პერიოდული ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე, გამოძიების ინტერესებისათვის ზიანის მიუყენებლად.
ამავდროულად, მიღებულ უნდა იქნეს ყველა ზომა იმისათვის, რომ დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის აღდგენის პროცესი უსაფრთხოების ყველა წესის მაქსიმალური დაცვითა და შესაბამის კვლევებზე დაფუძნებით წარიმართოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს იქ მაცხოვრებელი უკლებლივ ყველა ადამიანის უსაფრთხოება“, – ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.