გია ადამია: ნავთობპროდუქტების იმპორტიორები უფრო მეტით უნდა დაეჯარიმებინათ

შ.პ.ს. “მაგნატი 2006”-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ახლო მომავალში საწვავზე ფასების გაზრდას არ გამორიცხავს.
როგორც ჯემალ ლეონიძემ განაცხადა, შესაძლებელია ნავთობპროდუქტებზე ფასები გაიზარდოს, რადგან კომპანიები კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას ხარჯებში ასახავენ.
„შესაძლოა ასეც მოხდეს, რამეთუ კომპანიები ამ ჯარიმას ხარჯბში ასახავენ. ხარჯი გაეზრდება, მოგება შეუმცირდება და მოგება რომ გაზარდოს, ფასებს უნდა მოუმატოს. ეს ალბათ ბუნებრივია და ასე გააკეთებენ“, – განაცხადა ლეონიძემ.
კითხვაზე, თუ ირღვეოდა ბაზარზე კონკურენციის დაცვის პირობები და ეთანხმება თუ არა კონკურენციის სააგენტოს დასკვნას, ჯემალ ლეონიძემ აღნიშნა, რომ ნავთობბიზნესში მონოპოლიები ადრეც იყო და დღესაც არის.
„მე დამკითხა კონკურენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ჩემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, სხვა კუთხით სხვა მიმართულოებით იყო დაკითხვა. ვიცოდი, რომ მუშაობდნენ ინტენსიურად. მონოპოლისტური გარიგებები დაუსაბუთეს ალბათ. ეს არის მათი მოკვლევა, ამ მოკვლევას თუ თუ მსვლელობა არ მიეცა პროკურატურის მხრიდან ბრალდების სახით, ეს მარტო ამათი ნათქვამია მოკვლევის დონეზე. რაც შეეხება მონოპოლიებს და კარტელურ გარიგებებს, რომ იყო და დღესაც არის, ეს ნათელია. ეს ფსებზეც აისახება და მათ შეთანხმებულ მოქმედებებზეც. ახალი მოთამაშე არავინ არის, რომ ამინდს ქმნიდეს. ვინც იყო ისევ ის დარჩა და იგივე გარიგებები აქვთ, არც ადრე ჰქონდათ“, – აღნიშნა ლეონიძემ.
„ინტერკომპანიის“ დამფუძნებელი გია ადამია კი აღნიშნავს, რომ კონკურენციის სააგენტოს ნავთობკომპანიები უფრო მეტი თანხით უნდა დაეჯარიმებინა.
„ცოტაა თანხა – უფრო მეტით უნდა დაეჯარიმებინა. კეზერაშვილმა წაიღო ყველაფერი. ჩვენ გაგვანადგურეს ყველა. სახლში წაღებული ფული აქვთ და მოიტანონ“, – განაცხადა ადამიამ.
მისივე მოსაზრებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს დაჯარიმების გამო საწვავზე ფასების გაზრდის საშუალება არ უნდა მიეცეთ.
„არ უნდა მისცენ ფასების გაზრდის საშუალება. რატომ უნდა გაზარდონ? მაშინ პატარა შემომტანები დაიწყებენ შემოტანას და კარგ ფასში გაყიდიან. ის თუ ერთ ლიტრ საწვავს დაადებს 2.00 ლარს, მე 1.80-ში გავყიდი“, – აღნიშნა გია ადამიამ.
ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა დაასრულა. სააგენტომ ხუთი მსხვილი ნავთობკომპანია ჯამში 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. როგორც კონკურენციის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ბარაბაძემ განაცხადა, „ვისოლს“ „რომპეტროლს“, სოკარს“, „გალფს“ და „ლუკოილს“ ჯარიმები დაეკისრა, რადგან ისინი ფასებთან დაკავშირებით შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
ბარაბაძის ინფორმაციით, 2008-2014 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები, კერძოდ, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში და იზღუდებოდა წარმოება.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის შესწავლა პრემიერ-მინისტრის დავალებით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები