ნავთობპროდუქტების იმპორტიორი 5 კომპანია 55 მილიონი ლარით დაჯარიმდა
კონკურენციის სააგენტომ ხუთი მსხვილი ნავთობკომპანია 55 მილიონი ლარით დააჯარიმა.
კონკურენციის სააგენტოს დირექტორის, გიორგი ბარაბაძის თქმით, „ვისოლს“ „რომპეტროლს“, სოკარს“, „გალფს“ და „ლუკოილს“ ჯარიმები დაეკისრა, რადგან ისინი ფასებთან დაკავშირებით შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
ნავთობპროდუქტების ფასების შესწავლა უკვე დასრულებულია. დასკვნა საკმაოდ მოცულობითია. კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის ვადისთვის განსაზღვრული ჰქონდა 10 თვე. ამ შემთხვევაში მოკვლევა დასრულდა 8 თვის განმავლობაში. კონკურენციის სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ 2008-2014 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები, კერძოდ, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. აქედან გამომდინარე, „ვისოლს“, „ლუკოილს“, „სოკარს“, „რომპეტროლს“ და „გალფს“, ასევე სამ ეკონომიკურ აგენტს, რომელთაც ძალიან მჭიდრო სადისტრიბუციო კონტაქტი გააჩნდათ ამ ხუთეულთან, დაეკისრათ შესაბამისი სანქციები. აგრეთვე, სანქციები გატარდა ე.წ. ფრენჩაიზინგის მიმღები ეკონომიკური აგენტების მიმართ“,- განაცხადა გიორგი ბარაბაძემ.
შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით დაიწყო საწვავის ბაზრის შესწავლა.