სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფალაციის დონის მაჩვენებელს აქვეყნებს
2015 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,02 პროცენტი შეადგინა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 1,9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,59 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფის ფასების შემცირება, ძირითადად, განაპირობა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-17,9 პროცენტი) ფასების კლებამ.
ფასები ასევე შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1,4 პროცენტი) და თევზეულზე (-1,1 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (5,6 პროცენტი);
ტრანსპორტი: წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 3,1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,35 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა საწვავ-საპოხ მასალებზე (6,9 პროცენტი).
საქსტატი ასევე აქვეყნებს, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელს 2015 – 2014 წლის ივნისის თვის მონაცემებს. კერძოდ, 2015 წლის ივნისში 2014 წლის ივნისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4,5 პროცენტი შეადგინა, – ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილებში. ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 5,7 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,66 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მატება ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (35,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (9,8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7,9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5,4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,72 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (15,9 პროცენტი), ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5,3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (3,7 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11,4-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,60 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (13,8 პროცენტი), ასევე თამბაქოს ნაწარმზე (8,7 პროცენტი);