მაია ფანჯიკიძე სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა

   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანა არასოდეს შეეგუება ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას და მისი ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. “შეიცვლება თუ არა რეალობა, ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, არამედ – საერთაშორისო ნორმებზე და საერთაშორისო თანამეგობრობაზე. მოგეხსენებათ, ეს არის ჩვენი წითელი ხაზები. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ვახდენთ მხოლოდ და მხოლოდ ამ წითელი ხაზების და იმ ძირითადი პრინციპების შენარჩუნებით, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ამის საზიანოდ არ მოხდება არავისთან ურთიერთობების ნორმალიზება, მათ შორის რუსებთან”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თბილისის მიერ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებას 2008 წლის ომის შემდეგ, რეგიონში შექმნილი რეალობის არაღიარება აფერხებს. “ჩვენ არ შეგვიძლია სააკაშვილის მიერ წამოწყებული ომის შემდგომი რეალობის შეცვლა. პრაქტიკული კუთხით ძალიან ხშირად ვაწყდებით საქართველოს მიერ იმ რეალობის არაღიარების პრობლემას, რომელიც რეგიონში შეიქმნა”, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აღნიშნავს, რომ რუსეთი მხარს უჭერს რუსეთ-საქართველოს მოსახლეობას შორის კონტაქტების მაქსიმალურად შემსუბუქებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები