ქართული ასეული „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის მზადაა

ქართველი სამხედროები გერმანიიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ, სადაც სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნები დაასრულეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის უკვე მზადაა. მათ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დახვდა.
ქართველი სამხედროები მისიისთვის გერმანიის სამ სხვადასხვა ბაზაზე – ვილდფლეკენში, ლეტლინგზენში და ჰამელბურგში ემზადებოდნენ. წვრთნები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების, ბუნდესვერის ორგანიზებით ჩატარდა. უწყების ცნობით, ხუთი თვის განმავლობაში გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ, ქართველი სამხედროები ინდივიდუალურ, ოცეულის და ასეულის დონის მომზადებას გადიოდნენ. ქართულ ასეულს ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად კომბინირებული და სიტუაციური წვრთნებიც ჩაუტარდა.
III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული გერმანიაში 2015 წლის 23 იანვარს გაემზავრა. „ალფა“ ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ივლისში ჩაერთვება და გერმანიის ქვედანაყოფის შემადგენლობაში, მაზარ-ი-შარიფში იმსახურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები