აშშ ევროპაში F22 Raptor-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების განთავსებას არ გამორიცხავს

აშშ ევროპაში მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლების განთავსებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ აშშ-ს საჰაერო ძალების მინისტრმა დებორა ლი ჯეიმსმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ არის მიღებული. ამ გეგმების შესახებ მინისტრმა ლე-ბურჟეს აეროკოსმოსურ სალონზე განაცხადა.

„რუსეთი, ჩემი აზრით, დღეს ყველაზე სერიოზული საფრთხეა სწორედ ამიტომ ვიმყოფები აქ“, – განაცხადა დებორა ლი ჯეიმსმა The Wall Street Journalთან ინტერვიუში.

საგაზეთო პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ევროპის ქვეყნების საზღვრების სიახლოვეს ფრენა გაახშირეს. აშშ-ს საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროპაში მისი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია უსაფრთხოების გარანტიების და ნატოს მოკავშირეების მხარდაჭერის დემონსტრირება.

მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებელი F-22 Raptor მსოფლიოში ერთადერთი მეხუთე თაობის სამხედრო თვითმფრინავია. მანამდე აშშ-ს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპაში და ბალტიის ქვეყნებში ტანკების, საბრძოლო მანქანებისა და სხვა მძიმე შეიარაღების განთავსების გადაწყვეტილების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები