კახა კალაძე: ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს უსახური ფარეხები, რომლებსაც მოსახლეობა ფაქტობრივად არ იყენებს – მაქსიმალურად მზად ვართ, როგორც დემონტაჟის დროს, ასევე თვითონ პროექტის განხორციელების დროს, მოსახლეობას თანხა არ დაეხარჯება
ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს უსახური ფარეხები, რომლებსაც მოსახლეობა ფაქტობრივად არ იყენებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ფარეხების დემონტაჟში ძალიან ბევრი ადამიანი ერთვება.
„ძალიან ბევრი ადამიანი ერთვება აღნიშნულ პროგრამაში, ოჯახები, უბნები იმიტომ, რომ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს უსახური ფარეხები, რომლებსაც მოსახლეობა ფაქტობრივად არ იყენებს. იკავებს ძალიან დიდ ადგილს ეზოებში და ვიზუალურადაც უდიდესი პრობლემაა. არის ნაგვის ბუდე, ქვეწარმავლები და ა.შ.
მაგალითად, დღეს გლდანზე ვისაუბრე, სადაც პარკს ვაკეთებთ, დაახლოებით 10 ფარეხის დემონტაჟი ხორციელდება თვითონ მოსახლეობის ჩართულობით და რა თქმა უნდა, ეს გამოთავისუფლებული სივრცე შეუერთდება პარკის ტერიტორიას. ისევ ის ოჯახები, ის ადამიანები გამოიყენებენ. აქ მოსახლეობას ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ თვითონ განსაზღვრონ, პარკის გაკეთება უნდათ, სტადიონის გაკეთება უნდათ. რა თქმა უნდა, როგორც პარკი, ისე სტადიონი გაცილებით უკეთესი იქნება და გამოსადეგი იქნება, ვიდრე აღნიშნული უსახური ფარეხები, რომლებიც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.
ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, როგორც დემონტაჟის დროს, ასევე თვითონ პროექტის განხორციელების დროს, მოსახლეობას არავითარი თანხა არ დაეხარჯება. ყველაფერს ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე, ჩვენ თვითონ ვახორციელებთ დემონტაჟს. მოსახლეობასთან შეთანხმებით, მათი ჩართულობით ვახორციელებთ იმ პროექტს, რომელიც მათთვის არის პრიორიტეტული და მისაღები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.