კახა კალაძე: ევროპული ბიუროკრატია არის კრიზისში, არის უმძიმეს მდგომარეობაში

საოცრება იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი live” დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის მეორედ შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მოცემულობით მას არ აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები შეიცვლება.

„ევროპული ბიუროკრატია არის კრიზისში, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ვნახეთ, თვითონ ევროპული ქვეყნებიც კი ზოგიერთ საკითხებთან მიმართებით მოდიან წინააღმდეგობაში. რა მესიჯებს ავრცელებენ საქართველოსთან მიმართებაში, ეს ხომ წარმოუდგენელია, სიცრუე, ტყუილი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატებისთვის მიუღებელია, რომ საქართველოს არ ჰყავს მორჩილი ხელისუფლება.

„რატომ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის იქნება დამანგრეველი? რატომ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ჩვენს ეკონომიკის დააზიანებს? ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესს, ჩვენ არავისთან ომი არ გვჭირდება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ქვეყნის გამთლიანება, ეს უნდა მოვახდინოთ პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ საქართველო აღარ დაუშვებს შიდა პოლიტიკაში სხვა ქვეყნების ელჩების ჩარევას.

„ვეღარ მოხდება, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩი ჩაერიოს და პოლიტიკური საქმიანობა აწარმოოს, მორჩა, დამთავრდა! ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. უკრაინაში რაც ხდება უკრაინელი ხალხის ინტერესშია ეს? ეს არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში მოხდეს, მშვიდობა გვინდა!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები