საქართველოში ნატოს თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოში ვიზიტით ნატოს თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლები იმყოფებიან. კოლეჯის ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი იანუშ ბოჟარსკი, უმაღლესი კურსის მსმენელებთან ერთად, საქართველოში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოწვევით ჩამოვიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი იანუშ ბოჟარსკი გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, ჰიბრიდულ საფრთხეებს, საქართველოს თავდაცვის უწყებასა და ნატოს თავდაცვის კოლეჯს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატოს თავდაცვის კოლეჯის სტუდენტებს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში მიესალმა. მან სტუმრებს ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები გააცნო. გენერალ-მაიორმა იანუშ ბოჟარსკიმ სიტყვით მიმართვისას, საქართველოში ვიზიტისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მან ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობასა და მათ როლზეც ისაუბრა. თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში შეკრებილ სტუმრებს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველს ინტეგრაციის პერსპექტივებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე პრეზენტაციებს წარუდგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები