ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა სრულდება

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ასევე 50-მდე სხვადასხვა უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მინდა აღვნიშნო, რომ მაისის თვე ტურისტების რაოდენობის გაზრდის კუთხით იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ წარმატებული. არაერთი აქტივობა და ღონისძიება იგეგმება ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით, მათ შორის მინდა აღვნიშნო მარკეტინგული კამპანიები, ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები და ა.შ.
რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ტურიზმის განვითარების სტრატეგია მუშავდება მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად, ამაში გვეხმარება მსოფლიო ბანკი და ჩართულია ყველა უწყება, რომელიც ტურიზმთან არის დაკავშირებული. დღეს გვაქვს შუალედური პროექტის წარდგენა, რომელიც საბოლოო სახეს უახლოეს მომავალში მიიღებს და ჩვენ გვექნება 2025 წლამდე გაწერილი სტრატეგია, თუ კონკრეტულად რა ღონისძიებები და აქტივობები უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული სტრატეგია მსოფლიო ბანკისა და კომპანია „Solimar International”-ის დახმარებით შემუშავდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ. სტრატეგიის შემუშავების პროცესში გამართულ ფართო საკონსულტაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ტურიზმის ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყანაში სექტორის განვითარების ხედვას 2025 წლამდე და 5-წლიან სამოქმედო გეგმას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები