თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა – რას აცხადებს სკოლის დირექტორი

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მიზეზი სამხარაულის ბიუროს დასკვნაა, რომლის მიხედვითაც, შენობა საფრთხის შემცველია.

,,საგაკვეთილო პროცესი აღდგა 15 სექტემბერს, 17 სექტემბერს მივიღეთ სამხარაულის ბიუროდან დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ შენობა გარკვეულწილად საფრთხის შემცველია, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოსწავლეთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, ისინი გადაყვანილ იქნენ ალტერნატიულ შენობაში. მოსწავლეები უზრუნველყოფილები იქნებიან ტრანსპორტის მომსახურებით და გაკვეთილები აღდგება ორშაბათიდან, არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ შეექმნებათ მათ, ასევე ტრანსპორტირების მხრიდანაც”, – ამბობს სკოლის დირექტორი.

ამასთან, საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას, მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

,,რატომ გახსნეს 15 -ში და შეწყვიტეს 17-ში, თუ კი სკოლას ავტორიზაცია არ ჰქონდა გავლილი და არ იცოდნენ სკოლის მდგრადობის შესახებ, რატომ გარისკეს და რატო გახსნეს სასწავლო პროცესი. როგორ მოხდება ამ ბავშვების ტრანსპორტირება, 1200 ბავშვი სწავლობს ამ საჯარო სკოლაში, მათი გადაყვანა წერეთლის გამზირზე, ქალაქის კოლაფსს გამოიწვევს, გვპირდებიან, რომ აქ აშენდება კორპუსი. დიდუბეში, სამწუხაროდ, სკოლები აღარ არის. ამიტომ, დარწმუნებულები ვართ აქაც აშენდება კორპუსი, არ აშენდება საჯარო სკოლა და ასე ვიშლებით”, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები