კასპიის ზღვაში დაშავებული ქართველი მეზღვაური სამკურნალოდ შვეიცარიაში გადაიყვანეს
კასპიის ზღვაში დაშავებული საქართველოს მოქალაქე სამკურნალოდ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
“9 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, კასპიის ზღვაში მოხდა საზღვაო ინციდენტი. თვითმავალი ბარჟა დაეჯახა ე.წ. წყალგამყოფს, რის შედეგადაც ბარჟაზე მყოფმა ორმა ქართველმა – ამირან აბულაძემ და ვიტალი კაჭარავამ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება. ვიტალი კაჭარავას (ბარჟის შკიპერი) აღენიშნება ხელის მოტეხილობა, ხოლო ამირან აბულაძემ (მექანიკოსი) მიიღო სერიოზული დაზიანება თავის არეში.
დამსაქმებელი კომპანია БЮ Казакстан-ი სრულად იღებს პასუხისმგებლობას დაშავებულ მეზღვაურთა მკურნალობაზე და, უკანასკნელი ინფორმაციით, ამირან აბულაძე, რომელსაც აღენიშნება დაზიანება თავის არეში, გადაყვანილია შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში”, – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში.