ბავშვებს, რომლებიც სკოლაში ვერ მიდიან, ბაღები სპეციალურ პროგრამას შესთავაზებენ
ბაღის იმ აღსაზრდელებს, რომელთაც სწავლის დაწყებამდე არ უსრულდებათ 6 წელი, ბაგა-ბაღები სასკოლო მზაობის პროგრამას შესთავაზებენ,- ამის შესახებ პორტალ “კვირას” პრესკლუბში თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა.
ტალიაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პარტიის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აღნიშნული კატეგორიის ბავშვები ბაღებიდან გაირიცხებიან, სიცრუეა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს სიცრუეს, როდესაც აცხადებს, რომ ბავშვებს, რომლებსაც 15 სექტემბრამდე არ უსრულდებათ 6 წელი და სკოლის მიღმა დარჩნენ, ბაღებიდან ამოირიცხებიან. ისინი არ ამოირიცხებიან და ბაგა-ბაღების ბენეფიციარებად დარჩებიან. ამ კატეგორიის ბავშვების რიცხვი ჯამში 4500 შეადგენს და მათ სასკოლო მზაობის პროგრამას შესთვაზებენ. ჯგუფები იმ რაიონებში იფუნქციონირებს, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ. პროგრამა შესაძლოა, სკოლაში, ან ბაღებში გაიარონ. მათი მასწავლებელი ბაღის აღმზრდელი იქნება. ამისათვის ბაღის აღმზრდელები სპეციალურ ტრენინგებს გადიან“,- აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.