“ვემსახურები საქართველოს” – შსს-მ უწყების ახალი საიმიჯო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კინოთეატრ „ამირანში“ უწყების საქმიანობის ამსახველი ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას, რომელიც შს მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა, შინაგან საქმეთა მინისტრის სხვა მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, ვიდეორგოლის მონაწილეები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვიდეორგოლის პრეზენტაციამდე, არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებას მიმართა და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდა, გულდასმით ნახოს ვიდეორგოლი, სადაც პოლიციელის, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის სახეა ნაჩვენები. ადამიანისა, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, საკუთარ უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს, ხშირად, საფრთხის ქვეშ აყენებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილ ახალ საიმიჯო ვიდეორგოლში სრულად ჩანს, თუ რა საქმეს აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თუ რა რთულია, იყო პოლიციელი. ეს არის 3-წუთიანი პასუხი შეკითხვაზე, თუ რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად. ვიდეორგოლში ნაჩვენებია ჩვეულებრივი პოლიციელების ცხოვრება: რუტინაც და არაჩვეულებრივი მომენტებიც. ყველა მოქალაქეს ვთხოვ, გულდასმით ნახოს ეს ახალი ვიდეო რგოლი, რომელიც ჩვენს სამინისტროს ეხება და მხოლოდ შემდეგ შეაფასოს პოლიციელების როლი საზოგადოების უსაფრთხოების საქმეში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ვიდეორგოლში ასახულია სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ფუნქცია და მუშაობის სპეციფიკა, სამართალდამცავთა ბრძოლა დანაშაულთან და მათი რეაქციები საგანგებო სიტუაციებში.
როგორც არჩილ თალაკვაძემ “კვირას” განუცხადა, ვიდეორგოლის ძირითადი მიზანი იყო საზოგადოების უკეთ ინფორმირება, პოლიციელთა მიმართ ნდობისა და მხარდაჭერის განმტკიცება.
ასევე, მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი, პოლიციელის ადამიანური სახის ჩვენება იყო და არა მისი, როგორც სუპერგმირის წარმოჩენა საზოგადოების წინაშე.
“ვფიქრობ, ამ ვიდეორგოლმა თავისი მისიის შესრულება დაიწყო: საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქროს, თუ რა რთული საქმე აქვთ პოლიციელებს, რომ მათ ხშირად საკუთარი, პირადი ცხოვრებისთვისაც არ რჩებათ დრო, რადგან იცავენ სხვის პირად ცხოვრებასა და უსაფრთხოებას. ვფიქრობ, პოლიციელები ამ კლიპში ჩანან, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები. რეჟისორებმა მოახერხეს, რომ მაყურებელს დაანახვონ პოლიციელის ჩვეულებრივი,ადამიანის სახე, რომელიც ხშირად, ბევრ სარისკო მომენტს უპირისპირდება”, -აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ არის შექმნილი და მასში ამერიკელი კომპოზიტორის ტონი ანდერსონის მუსიკა „The Impossible“ არის გამოყენებული.