“ვფიქრობ, ახალი პანთეონის თაობაზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული“
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა, საკრებულოს წევრებმა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონის დახურულად გამოცხადების საკითხი განიხილეს.
გიორგი ალიბეგაშვილმა პანთეონის დახურვის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის საშუალება აღარ არსებობს.
„რამდენიმე თვეა, რაც ახალი პანთეონისთვის შესაფერისი ადგილის შესარჩევად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მსჯელობის შედეგად, კომისიამ ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორია შეაჩერა. ვფიქრობ, ახალი პანთეონის თაობაზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. გადაწყვეტილების მიღების პროცესს თან ახლავს დარგის სპეციალისტებსა და სასულიერო პირებთან, ასევე მოქალაქეებსა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის ტერიტორიაზე და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესის შესახებ იმსჯელეს. დღესვე, საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური სარეკომენდაციო საბჭოს დებულების დამტკიცების, „მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებისა“, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმის დამტკიცების“ და თბილისის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონებების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც უყარეს კენჭი.
საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. სხდომას, დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.