მარიამ წიკლაურის „მზის დაუჯდომელი“
გამომცემლობა ,,საუნჯემ“ პოეტ მარიამ წიკლაურის ახალი კრებული “მზის დაუჯდომელი” გამოსცა. 17 მარტს, საღამოს 7 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი 2011-2014 წლებში შექმნილი ლექსების კრებულს წარმოადგენს. როგორც ,,კვირას“ მარიამ წიკლაურმა განუცხადა: – ახალი წიგნის პრეზენტაციაზე გამომცემლებს რამდენიმე ადრინდელი გამოცემის მოტანაც ვთხოვე. სავარაუდოდ, იქნება “მარადისობის რიტუალი”, “თეთრი ხბორები”(ამ წიგნისთვის “გალას” პრემია მივიღე), და საბავშვო ლიტერატურიდან წარმოდგენილი მექნება წიგნები: “ნანინები” და “ნატვრისთვალო მზისაო”… ყველა მათგანი უფრო იაფად გაიყიდება, ვიდრე წიგნის მაღაზიებში. რაც შეეხება ახალ კრებულს, არც ერთი ლექსი სხვა წიგნებიდან ამ კრებულში არ შემიტანია. რომ ვთქვა, ეს საეტაპო წიგნია-მეთქი, არ ვიქნები მართალი, რადგან მგონია, მართლა კარგი ლექსები ჯერ კიდევ დასაწერი მაქვს და მეექვსე წიგნი დიდი არაფერია 53 წლის ადამიანისთვის,- არც მეოცეა დიდი ბედენა… წიგნზე მე და ჩემმა რედაქტორმა და მეგობრებმა სერიოზულად ვიმუშავეთ. ცოტ-ცოტა ყველას რჩევა გავითვალისწინე… აქვე, მინდა, ვთქვა, რომ ამ წიგნს ლამაზი აქსესუარიც ახლავს თან ჭიქის სახით. ვაკონკრეტებ, რომ ამ კრებულში შევიდა “თეთრი ხბორების” შემდგომ დაწერილი ლექსები, თუმცა ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ასევე “საუნჯის” საგამომცემლო სახლმა მკითხველს ჩემი ერთი სხვა წიგნიც წარუდგინა. ეს იყო ლირიკული პოემა “მარადისობის რიტუალი”.
მარიამ წიკალურის ლექსების კრებულს “მზის დაუჯდომელი” ლიტერატორ ნონა კუპრეიშვილისა და რედაქტორ მზეო გოგოჭურის წინასიტყვაობა ახლავს. წიგნის დიზაინერია თეა აკობია.