თბილისის მერია თარჯიმნების სწავლებას დააფინანსებს
თბილისის მერიამ და „ყრუთა კავშირმა“ ახალგაზრდა სურდო თარჯიმნების სწავლება-დასაქმების დაფინანსების შესახებ დღეს ხელშეკრულება გააფორმეს. ჟესტური ენის ათი ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადების თაობაზე ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და „ყრუთა კავშირის“ თავმჯდომარემ ამირან ბატატუნაშვილმა მოაწერეს.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, მერია ჟესტური ენის ინსტიტუტის გაძლიერებას და ახალგაზრდა კადრების მომზადებას შეუწყობს ხელს. „ამ პროფესიის დასაუფლებლად ახალგაზრდებს დავაინტერესებთ იმისთვის, რომ მომავალში ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაბამისი მომსახურება გაუწიონ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის და მერია მომავალშიც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“, – აღნიშნა გელა ჩივიაშვილმა.
ათი ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადება-დასაქმების პროექტის ბიუჯეტი 21 600 ლარია. პროექტი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
„გაეროს კონვენციის თანახმად, აღნიშნული სერვისის გარეშე ინტეგრაცია ამ ადამიანებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველა საჯარო დაწესებულებაში მნიშვნელოვანია თარჯიმანთა არსებობა და ჟესტური ენით მოსარგებლე ადამიანების მომსახურება“, – განაცხადა ამირან ბატატუნაშვილმა.