საქართველოს პარლამენტში ნატოს სასწავლო პროგრამა ოფიციალურად გაიხსნა

დღეს საქართველოს პარლამენტში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სასწავლო პროგრამის „ნატოს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში 5-დღიანი ტრენინგის პირველი ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნა.
აღნიშნული საერთაშორისო ტრენინგი 8-12 ივლისს, თბილისში ჩატარდება თემაზე: „თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად“, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, თურქეთის, უკრაინის, სერბეთის, რუმინეთის, მოლდოვეთის, ყირგიზეთისა და ეგვიპტის საჯარო უწყებებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
დღეს კი, პროგრამით გათვალისწინებული პირველი პანელი – „საქართველოს ხედვა ევროკავშირისა და ნატოსკენ: შავი ზღვის პერსპექტივა“ გაიმართა, რომლის მოდერატორები საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ნატოს კურსის თანაორგანიზატორი ბრიუს ლოუერი არიან.
როგორც თედო ჯაფარიძემ მისასალმებელი სიტყვისას განაცხადა, აღნიშნულ ტრენინგზე არა მხოლოდ საქართველოს სტაბიულობასა და უსაფრთხოებაზე ისაუბრებენ, არამედ, მთლიანად შავი ზღვის რეგიონულ უსაფრთხოებაზე.
„მოხარული ვარ რომ ჩამოხვედით საქართველოში და საშუალება გვეძლევა ვისაუბროთ ისეთ სტრატეგიულ საკითხებზე, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოება. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა გავლენა იქონია მთლიანად რეგიონზე. ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ არა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონულ უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა თედო ჯაფარიძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
შეხვედრისას მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს მოწვევისა და ამ ღონისძიების დაგეგმვისთვის.
„ჩვენ დღეს განვიხილავთ შავი ზღვის რეგიონის როლს ნატოსთან თანამშრომლობაში. საქართველო არის პარტნიორი, რომელსაც სურვილი აქვს გახდეს მოკავშირე. გვაქვს ისტორიული წარსული, პოლიტიკური კურსი, საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა, რეფორმები და მისწრაფება. ჩვენ ვართ ათასწლეულის გასაღები ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძემ.
ღონისძიების ფარგლებში პირველ პანელზე განიხილეს საქართველოს ხედვა ევროკავშირისა და ნატო-სკენ: შავი ზღვის რეგიონის პერსპექტივა”, ხოლო მეორე პანელი დაეთმო თემას – „ნატოს ახალი მიდგომები ევროპაში”.
აღნიშნულ პანელებში საქართველოს მთავრობიდან მონაწილეობენ : სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე, ხოლო პარლამენტიდან გამომსვლელებს შორის იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ირაკლი ჩიქოვანი, ასევე, ნატო-ს სამეკავშირეო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, უილიამ ლაჰიუ.
დღესვე დელეგატებმა პარლამენტის თბილისის შენობა დაათვალიერეს, და საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურას და საქმიანობას გაეცნენ.
საექსკურსიო ტურის მიმდინარეობისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პროგრამის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მიესალმა, რომელმაც დელეგატებთან საკანონმდებლო პროცესის, ბიუროს, პლენარული და საკომიტეტო სხდომების, კოალიციური მმართველობის, უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე, პარლამენტის რეგლამენტისა და კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგატების შეკითხვებსაც უპასუხა და მათთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
ნატოს სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ყველა პანელური შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაიმართება. დელეგატები თბილისში 13 ივნისამდე დარჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები