დიღომში იბერიის სამეფოს დროინდელი მარნისა და ტაძრის ნაშთები აღმოაჩინეს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის უძველესი თბილისის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, დიღომში, თრელიგორების უძველესი ნასახლარის ტერიტორიაზე, ჩვ.წ-მდე I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით დათარიღებული ქართლის (იბერიის) სამეფოს უადრესი ხანის მარნისა და ტაძრის ნაშთებს მიაკვლია.

მარნის აღმოჩენამ თრელიგორების ნასახლარის ძნელადმისადგომ თხემზე, მეცნიერებს ავარაუდებინა, რომ მარანი შეიძლებოდა ყოფილიყო სატაძრო კომპლექსის ნაწილი. ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა აეროფოტოებისა და სატელიტური გამოსახულებების შესწავლამ და არქეოლოგების მიერ ჩატარებულმა სადაზვერვო სამუშაოებმა.

როგორც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ამბობენ, ამ პერიოდის მარნის აღმოჩენას მეღვინეობის განვითარების ისტორიის კვლევისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „ქვევრებში დალექილი ნაშთების ლაბორატორიული კვლევა, სავარაუდოდ, მოგვცემს ინფორმაციას, არსებობდა თუ არა გენური უწყვეტობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ადრეულ ეტაპზე ღვინის დასამზადებლად გამოყენებულ ყურძნის ჯიშებსა და ქვემო ქართლში დადასტურებულ, მსოფლიოში უადრეს, რვაათასწლოვან ყურძნის ჯიშებს შორის. ახალ აღმოჩენას მნიშვნელობა ენიჭება ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციის ისტორიის რეკონსტრუქციის თვალსაზრისითაც“,-ამბობენ ეროვნულ მუზეუმში.

ექსპედიციის ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის არქეოლოგიური კოლექციების კურატორი, არქეოლოგი მიხეილ აბრამიშვილია. ძეგლზე არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქალაქის მერი დავით ნარმანია და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე დაათვალიერებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები