ცეცხლმოკიდებული მანქანის მძღოლი, რომელიც პატრულის თანამშრომლებმა გადაარჩინეს, დამწვრობის ცენტრში მკურნალობს
ცეცხლმოკიდებული მანქანის მძღოლი, რომელიც პატრულის თანამშრომლებმა და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა გადაარჩინეს, დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცმა მანქანის აალების შედეგად სახისა და ზედა კიდურების დამწვრობა მიიღო.
„პაციენტს, რომელიც დღეს დილით ჩვენს კლინიკაში სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა, სახე და ზედა კიდურები აქვს დამწვარი, სახეზეა მე-2 და მე-3 ხარისხის დამწვრობა. ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება. იგი რამდენიმე დღე დარჩება კლინიკაში, რის შემდეგაც სახლში გაეწერება“ – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, რომ პატრულის თანამშრომლებმა და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ცეცხლმოკიდებული მანქანის მძღოლი გადაარჩინეს. შემთხვევა გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი (ტაქსი) ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგადაც ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, რუსთაველზე მოძრავი ავტომობილის მძღოლს ჩაეძინა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.