ხელოვნებათმცოდნეები ფიროსმანის ტილოს საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ – „არსენალის მთა“ „კრისტის“ აუქციონზე, რუსულ კატეგორიაში იყიდება

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართავენ. ხელოვნებათმცოდნეები ბიზნესმენებს მოუწოდებენ, გამოიყენონ შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქართველი მხატვრის, ფიროსმანის უნიკალური ნახატი საქართველოში დაბრუნდეს.

მათი განმარტებით, 1 ივნისს, „კრისტის“ აუქციონზე იყიდება ნიკო ფოროსმანის “არსენალის მთა”, რომელიც ამ დრომდე კერძო საკუთრებაშია, ხოლო აუქციონი არის შესაძლებლობა, რომ საქართველომ ფიროსმანის უნიკალური ნამუშევარი შეიძინოს და სამუზეუმო ფონდს გადასცეს.

როგორც „კვირასთან“ საუბრისას ხელოვნებათმცოდე ეკა კიკნაძე აცხადებს, “არსენალის მთა” აუქციონზე რუსული მხატვრობის კატეგორიაშია წარდგენილი. კულტურის სფეროს წარმომადგენლების სურვილია, რომ ნახატი ქართული მხატვრობის სახელით წარდგეს მსოფლიოს წინაშე.

„ეს ალბათ ყველა ადამიანის სურვილია, რადგან ეს არის ფიროსმანის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი. კარგი იქნება, თუ „არსენალის მთა“ დაბრუნდება საქართველოში. ეროვნულ მუზეუმს ამის შეძენის საშუალება, ბუნებრივია, არ გააჩნია, რადგან მისი ფასი მუზეუმის რამდენიმე წლის ბიუჯეტია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი აუქციონზე გასაყიდი ფასი დაბალია ისეთი მხატვრისთვის, როგორიც არის ფიროსმანი.

„კრისტის“ აუქციონი არის შანსი, რომ სურათი დაბრუნდეს საქართველოში და გადაეცეს ეროვნულ მუზეუმს. ეს არის სურათი, რომელიც არის ლუი არაგონის კოლექციაში 1957 წლიდან. მწერალს საბჭოთა მთავრობამ იუბილეზე გადასცა. მერე იყო მისი მემკვიდრის კოლექციაში. 90-იან წლებში მიაგნო მას ჟურნალისტმა ნელი კობიაშვილმა და მაშინ მფლობელი თანახმა იყო, საქართველოსთვის მიეყიდა 50 000 დოლარად, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის მთავრობა ამით არ დაინტერესდა.

სამინისტრომ უნდა მოახდინოს რეაგირება იმაზეც, რომ სურათი რუსული მხატვრობის კატეგორიაში იყიდება, რადგან ცალკე, ქართული მხატვრობის დეპარტამენტი არ არის. როდესაც პირველად გაიყიდა სოტბის აუქციონზე, მაშინაც რუსული მხატვრობის კატეგორიაში იყო და ახლაც. კულტურის სამინისტრომ ან საქართველოს მთავრობამ უნდა გააგზავნოს ოფიციალური წერილი, რომ აუქციონებს ქართული მხატვრობის დეპარტამენტი დაემატოს, რადგან მომავალში, თუ კიდევ მოხვდება ქართველი მხატვრის ნახატი აუქციონზე, აღარ გაიყიდოს რუსული მხატვრობის კატეგორიაში“, – აცხადებს კიკნაძე.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია აღნიშნავს, რომ იგი წინააღმდეგი არ არის, ქართველი მხატვრების ნამუშევრები საზღვარგარეთ იყოს, თუკი ისინი ადგილს ცნობილ კოლექციებსა და მუზეუმებში ქართული მხატვრობის კატეგორიაში დაიკავებენ.

„კულტურის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს. თუ არის საშუალება, რომ საქართველომ „არსენალის მთა“ შეიძინოს, უნდა შეისყიდოს. წინააღმდეგი არ ვარ, რომ ქართული ძეგლები უცხოეთში იყოს გამოფენილი. მას რომ მუზეუმი ყიდულობდეს, ეს კარგია, მაგრამ არ მინდა, კერძო საკუთრებაში მოხვდეს. ჩვენს მუზეუმს მისი შეძენის შესაძლებლობა არ აქვს. სახელმწიფომ უნდა გამოყოს ფული. თუკი მეცოდინება, რომ ეს ნიმუში მოხვდებოდა რომელიმე ცნობილ კოლექციაში ან მუზეუმში, სადაც ხალხს მისი ნახვის საშუალება ექნება, არ ვიქნები წინააღმდეგი, იყოს უცხოეთში, მაგრამ ის ალბათ მოხვდება კერძო კოლექციაში. რუსული მხატვრობის კატეგორიაში აღარ უნდა იყოს წარმოდგენილი. ამის შეცვლა შეუძლია მთავრობას და კულტურის სამინისტროს. მათ უნდა გამოთქვან პროტესტი“, – ამბობს ხოშტარია.

ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი ნახატი „არსენალის მთა ღამით” გასაყიდად „კრისტის“ აუქციონზე გააქვთ. ცნობილი ტილოს გაყიდვას 1 256 800-დან 1 885 200 დოლარამდე ვარაუდობენ. მას აუქციონზე პირველ ივნისს გაიტანენ. აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა. იგი ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო. ტილო ბოლოს 2010 წელს გაიყიდა ლონდონის აუქციონზე, რომელიც მისმა დღევანდელმა მფლობელმა იყიდა. მანამდე იგი 2007 წელს ნიუ-იორკის „სოტბის“ აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის აღნიშნული ნახატი ფრანგ პოეტს ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.

11313031_1094008717293810_1506062950459988227_o

11255754_1094008720627143_2576997794047071339_o

http://www.christies.com/lotfinder/paintings/niko-pirosmani-arsenal-hill-at-night-5896910-details.aspx?intObjectID=5896910&lid=1&fb_action_ids=10206238062379342&fb_action_types=og.shares

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები