„რეგნუმი“ – აშშ საქართველოს გამო ომს არასოდეს დაიწყებს
რუსული გამოცემა „რეგნუმი“ ანტალიაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას სტატიას უძღვნის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლიუთ ჩავუშოღლუს იმ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც თურქი მაღალჩინოსანი „2016 წლის ნატოს სამიტზე საქართველოს, მაკედონიის, ჩერნოგორიის, ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინას ალიანსში გაწევრიანებას ელოდება“.
ამ სიაში არ მოხვდა უკრაინა, თუმცა, იუგოსლავიის სამი ყოფილი რესპუბლიკის გარდა, აღმოჩნდა საქართველო. გამოცემის აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ თურქეთის ოფიციალურმა პირმა სწორედ აღნიშნული ქვეყნები დაასახელა, რადგანაც ეს ზუსტად ემთხვევა ანკარის მიერ დეკლარირებული ნეოოსმალიზმის დოქტრინის მიზანს – ბალკანებიდან კავკასიამდე გავლენის გაძლიერებას.
„რეგნუმი“ წერს, რომ თურქეთი კავკასიაში შეღწევას თავის ჩრდილოატლანტიკურ პარტნიორებზე დაყრდნობით ცდილობს. ეს, სხვა მიზეზებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთში თურქეთის საგარეო პოლიტიკური პოლიტიკის კრახით არის გამოწვეული. თურქეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც რეგიონული სატრანზიტო ენერგეტიკული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტი, ვინაიდან ამ თამაშიდან თბილისის გასვლის შემთხვევაში აზერბაიჯანთან პირდაპირი ენერგეტიკული კავშირები წყდება.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, თურქეთს ყოველთვის ჰქონდა აშშ-სა და დასავლეთ ევროპისგან განსხვავებული პოზიცია, მათ შორის რუსეთთან დაკაშირებით, ასევე, მაგალითად, ანკარა არ შეუერთდა ანტირუსულ სანქციებს ყირიმის მიერთებისა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შექმნილი სიტუაციის გამო. გარდა ამისა, ანკარამ მის ტერიტორიაზე რუსული გაზსადენის გავლას მხარი დაუჭირა. ამის საპასუხოდ, აშშ ცდილობს მოსკოვის თვალში თურქეთის მიერ რუსეთთან ურთიერთობების დამყარების სურვილის გულწრფელობა ეჭვქვეშ დააყენოს. ნატოში საქართველოს სწრაფვა, ბუნებრივია, რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს, რომელმაც რამდენჯერმე უკვე განაცხადა, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ახალი გამყოფი ხაზები გაჩნდება.
საუბარია აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე, რომელთანაც რუსეთი, ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, უფრო ინტენსიურ კონტაქტებს ამყარებს. ამასთანავე, გამოცემას მიაჩნია, რომ აშშ რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირიპირებაზე არასოდეს წავა, ვინაიდან ეს მის ინტერესებში არ შედის.
„რეგნუმის“ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თუ თურქეთი ნატოში საქართველოს გაწევრიანების მთავარ ლობისტად მოგვევლინება, რაც საქართველოს შიგნით პროროსულ და პროდასავლურ ძალებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს. სწორედ ახლა ყოფილი მმართველი ძალა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციებს აანონსებს, ვინაიდან, მათი თქმით, საქართველოს სერიოზული კრიზისი აქვს. ამ ვითარებაში ქართველი ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ისტორიული სიფრთხილე გამოიჩინოს“, – წერს რუსული გამოცემა „რეგნუმი“.