ირაკლი ქადაგიშვილი: პროკურორმა რაც ჩამოთვალა, ყველა ქმედება, მოვლენა, პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ამის მომსწრე და მხილველი მთელი საზოგადოება იყო

,,პროკურორმა რაც ჩამოთვალა, ყველა განცხადება, მოვლენა, ქმედება პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ამის მომსწრე და მხილველი მთელი საზოგადოება იყო”,- ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გენერალური პროკურორის ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროკურორის მიერ ჩამოთვლილმა პირებმა სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა ჩაიდინეს.

„ამის იქით პროკურატურას რა მტკიცებულებები გააჩნია, როგორი იქნება გამოძიება და სასამართლო პროცესი, ეს უკვე ჩემს კომპეტენციას სცდება. მთლიანად მართლმსაჯულების გამოძიების და სასამართლოს საქმეა. პროკურორის განცხადებაში არსად დამინახავს, რომ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა გამოცხადდა მტრულ სახელმწიფოდ. აქ საუბარია, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მტრული საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. როგორც პროკურორმა თქვა, ეს ადამიანები აძლევდნენ უცხო ქვეყანას საჯარო მოხელეების და პოლიტიკოსების სიას, ითხოვდნენ მათ დასანქცირებას. ნუ შემიყვანთ პროკურატურის კომპეტენციაში, რაც პროკურორმა განაცხადა, ამაში ახალი არაფერია, რადგან ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ამბობდნენ, საქართველო არის რუსეთის იარაღის მიწოდების ხვრელი, უნდა მოხდეს კონსტიტუცური წყობილების არაკანონიერი შეცვლა და ა.შ. გამოძიების პრეროგატივაში და მით უმეტეს, სასმართლოს გადაწყვეტილებაში ვერც პროგნოზირებას გავაკეთებ და ვერც კომენტარს. ის, რაც პროკურორმა განაცხადა, ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები