თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე დაასრულა შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია, რომელიც ერთი ჰა ფართობს მოიცავს. ასევე, განახლდა ამავე ქუჩაზე, №7გ კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების სისტემა, ორი დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სპორტული მოედნები. შარტავას სახელობის სკვერში არსებულ სპორტულ მოედანს ჩაუტარდა დემონტაჟი და მის ადგილას მოეწყო თანამედროვე ტიპის კომბინირებული, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი.
რეაბილიტირებული სკვერები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ყიფშიძის ქუჩაზე შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხბურთო მოედანს. აქ იყო უკანონო შემოღობვები და ფარეხები. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრონლობისთვის, რადგან მათი უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით განხორციელდა ამ შემოღობვებისა და ფარეხების დემონტაჟი. საკმაოდ დიდი ტერიტორია გამოთავისუფლდა, რომელიც აღნიშნულ საპარკო სივრცეს შეუერთდა. სკვერში განთავსდა მოსასვნებელი პავილიონები, ატრაქციონები ბავშვებისთვის, სავარჯიშოები, ძაღლების სასეირნო სივრცე, დაირგო ხე-მცენარეები. აღნიშნული ქუჩისთვის ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ გავაგრძელებთ რეკრეაციული არეალების მოწყობას ქალაქის სხვადასხვა რაიონსა და უბანში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ ორივე სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 2 829 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 5 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი. ასევე, განთავსდა საპარკო ავეჯი და მოეწყო სასმელი წყლის შადრევანი.
აღნიშნული სამუშაოები თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მისი საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი.

