კახა კალაძე: ჩვენ არავის ვესხმით თავს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვა

ჩვენ არავის ვესხმით თავს, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მარკო რუბიოსადმი ამერიკელი კონკრესმენების მიმართვას, რომ მოითხოვონ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები არ იყვნენ ცილისწამების ობიექტები ან თავდასხმის სამიზნეები.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას გულშემატკივრობენ მთავარი დაპირებების შესრულებაში, რაც გულისხმობს „დიპ სტეიტის“ დამარცხებასა და უკრაინაში ომის დასრულებას.

„როდესაც პრეზიდენტ ტრამპი აირჩიეს, ჩვენ გავიზიარეთ ის ნარატივი, რაზეც ის საუბრობდა – „დიპ სტეიტს“ დაამარცხებდა და უკრაინაში ომს დაასრულებდა. ჩვენ ველოდებით, ვაკვირდებით. როგორც კი „დიპ სტეიტი“ დამარცხდება, ჩვენც ვიგრძნობთ ამას. არავის ვესხმით თავს, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას. როდესაც დაფინანსებებზე ვსაუბრობდით, მაგალითად, გახსოვთ, USAID აფინანსებდა, 2020 წელს კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, თითქოს არჩევნები გაყალბდა. რეალურად თვითონ გააყალბეს ეს კვლევები. ვისგან იყო ეს დაფინანსება წამოსული. იგივენაირად იყო ჩართული „ნედი“, ოღონდ აფინანსებდა ძალადობრივ ჯგუფებს. ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ. გვინდა ჯანსაღი ურთიერთობები, მეგობრობა, რაც ორმხრივია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების გასაახლებლად, თუმცა არ დაუშვებს იმ მუქარებსა და განცხადებებს, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში საქარეთველოსადმი კეთდებოდა.

„რამდენიმე თვის წინ, თუნდაც ტრამპი სანამ გახდებოდა პრეზიდენტი ვამბობდით, რომ თანხები შემოდის უცხოეთიდან, ფინანსდება ექსტრემისტული ორგანიზაციები, ხმარდება შიდაპოლიტიკურ საქმიანობას, რევოლუციების მოწყობას. ამაზე ოპონენტები ამბობდნენ, რომ ჩვენ ვტყუოდით. შემდეგ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ღიად ისაუბრა იმაზე, რასაც ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. პირდაპირ უთხრა მსოფლიოს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ეს ორგანიზაციები თანხებს აგზავნიდნენ სახელმწიფო გადატრიალებები რომ მოხმდარიყო. საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ურთიერთობების გადახედვა. წინა ადმინისტრაციის პერიოდში რა მუქარებსაც ვისმენდით, მიუღებელია. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და მოიპოვეს თავისუფლება, არავისზე დამოკიდებულები რომ არ ვყოფილიყავით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები