„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მხარდაჭერისთვის პასუხისგებაში მიცემული შვიდი პირიდან ექვსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ერთს კი 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მხარდაჭერისთვის პასუხისგებაში მიცემული შვიდი პირიდან ექვსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ერთს კი 3 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
აღნიშნულით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, უწყების მიერ ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, 7 პირს კი – მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს, საზღვარგარეთ მყოფ 4 პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ – ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.